ყალბი კოვიდ-პასპორტები და PCR ტესტის პასუხები – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა, 8 პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და იმერეთში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების 2 ფაქტი გამოავლინა, რაზეც პასუხისგებაში 8 პირი მიეცა, ერთი კი დაკავებულია.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ყალბ კოვიდ-პასპორტებს 70 ევროს სანაცვლოდ ამზადებდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ქ. თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით”, – წერია უწყების განცხადებაში.

მეორე შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა 8 პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს რომ ასე მოექცნენ, ვიქნები პირველი, ვინც მას სამართლებრივ მომსახურებას შესთავაზებს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაბასილაია – ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილი გაიწიროს