ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის ნათესავებს პროკურატურაში საქმის მიმდინარეობა გააცნეს

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ხადას ხეობაში მოკლული რაიან მაიკლ სმიტის ნათესავებს შეხვდა. შეხვედრას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტი, კონსული ჯენეტ რობერტი და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მაიკლ რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, რაც ძირითადად შეეხებოდა გამოძიების პროცესს, მათ შორის ბრალდებულის გარდა, საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი, რამდენად მალე დასრულდება საექსპერტო კვლევები.

უწყების ცნობით, მაიკლ რაიან სმიტის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, რა ფორმით შეეძლოთ საკუთარი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება სასამართლოს წინაშე. განმარტებების მიღებისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი ძმა ჩედ ოსტინ სმიტი, ხოლო ქელებ ისმატ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ ლი სმიტი.

ბრალდებულის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა.

„სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშიაუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება
შემდეგი სტატია,,გუშინ ივანიშვილმა ამერიკაში ჩვენს საერთო ნაცნობს დაურეკა და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება”