ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული რ.ფ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის, მათ შორის ყაჩაღობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი რ.ფ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, საგზაო კომპანია შპს “ელისი 2015“-ის ადმინისტრაციულ შენობაში თავს დაესხა ამავე კომპანიის მენეჯერს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა ”მერსედეს – ბენცის“ მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ფ. 2018 წლის 17 აპრილს თბილისში დააკავეს. ხაშურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის „გ“ და მე-3-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარუდგინა.

სასამართლომ რ.ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ რ.ფ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განაცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაჩუქარი მატარებლის მგზავრებს
შემდეგი სტატიაფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმა არ მოსწონს