ხაბეიშვილი – სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს, ფარცხალაძეზე მიღებული გადაწყვეტილება ამის ნათელი დასტურია

სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს – ფარცხალაძეზე მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მსჯელობა უნდა მიდიოდეს არა ფარცხალაძის მოქალაქეობაზე, არამედ ის უკვე დაკავებული უნდა იყოს.

ხაბეიშვილის თქმით, პროკურორი შოთაძე არის ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირი და „ფარცხალაძის მსგავსად, „ეფესბეს“ ჯაშუშური ქსელის გაგრძელებაა”.

ამასთან, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძის თემის „ჩაფარცხვას” ეხმარება ასევე სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გაგრძელებაა და მის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ფარცხალაძეს ზურაბიშვილი არ ართმევს მოქალაქეობას, რეალურად, მას ამით აქვს გარკვეული პრივილეგიები ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომაა, სავარაუდოდ, რომ ის უნარჩუნებს მოქალაქეობას, ეს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილი ჩართულია ივანიშვილის თამაშებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხიც ივანიშვილის მიერ მოგონილი თამაშია.

ხაბეიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფრაქცია იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს და სხდომაზე არ შევა.

„ჩვენ არ ვაპირებთ მოგონილ, რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომ თითქოსდა იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს. ვწუხვარ, რომ ამაზე არ დამთავრდა სპეკულაციები, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არ ვაპირებთ საერთოდ ამ სხდომაზე შესვლას. ალბათ, ეჭვიანი ადამიანები არიან (ვინც ამაზე საუბრობს), უნდათ რომ ეჭვი ჰქონდეთ და მერე აქტუალურები იყვნენ ამ თემით. ეს არის ივანიშვილის თამაში და ნუ შევდივართ ამ თემის განხილვაში, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი, რომ ამაზე ვისაუბროთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – რუსი ჯაშუშები არიან ყველგან და მართავენ ქვეყანას – ეროვნულ ბანკს ათასი ჯიშის ტურა და „ოდეერი“ შეუსიეს