„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისა და ქვეყნის მასშტაბით 2500-ვე საარჩევნო უბანზე 15-20-კაციანი ჯგუფების შექმნისკენ მოუწოდებს.
ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ბოლო წლების რეპრესიების სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე წნეხის მოსახდენად 30 000-40 000-იანი აქტიური „არმიის“ მობილიზებაა საჭირო:
„2022-2026 წლებში, 500-1000 ადამიანი სისხლით თუ ადმინისტრაციულით ციხეში გაუშვეს. 5 000-10 000-მდე ადამიანი არის დაჯარიმებული… 2 000-ზე მეტი ადამიანი საჯარო სამსახურიდან გააგდეს… 500-1000-მდე ადამიანი სცემეს, აწამეს, სახლთან დახვდნენ.
საქართველოში 2500-მდე საარჩევნო უბანია, ანუ სოფელი, თემი, უბანი. შესაბამისად, თითო უბანში 5-7 ასეთი დევნილი მოქალაქეა. პლუს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრე, მეზობლები და ჯამში 20-35 ადამიანია თითო თემში აქტიური, მოწინააღმდეგე რეჟიმის.
ზეწოლა რომ მოვახდინოთ რეჟიმზე, შეტევაზე ვიყოთ და მათი იძულება მოვახერხოთ — ნორმალური არჩევნები მივიღოთ, ამისთვის საჭიროა ამ 2 500 უბანში გვყავდეს 30 000-40 000 კაციანი მომხრეთა აქტიური, იდენტიფიცირებული “ჯარი”. თითო საარჩევნო უბანში 15-20 ადამიანი გვჭირდება,“ — წერს ხაბეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ცალ-ცალკე მოქმედი ოპოზიციური პარტიები ამ ინფრასტრუქტურის აწყობას ვერ შეძლებენ, რის გამოც აუცილებელია საერთო ძალისხმევა:
„რეალურად, ეს ხალხი არსებობს, მაგრამ ცალ-ცალკე და გათითოკაცებულს არ შეგვიძლია ამ ინფრასტრუქტურის აწყობა. ამიტომ, არის საჭირო ფორმულა — ყველა (!) მინუს ივანიშვილი. ერთად შევძლებთ ამ “არმიის” 30 000-40 000-იანის შექმნას?! — ცხადია, კი!
ტელევიზიებიდან 1000-ჯერ ნასაუბრების ლაპარაკს, ყველამ გავინაწილოთ უბნები და ადგილზე გავაკეთოთ 15-20 კაციანი გუნდები. მაგალითად, მე ციხიდანაც კი შევძლებ 2-3 ასეთი უბანი “ჩავიბარო”.
ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა… მე თქვენსკენ ვარ! უკანასკნელი ვიქნები თქვენში, თქვენი მსახური ვიქნები — მხოლოდ თქვენი ჭირიმე, უაზროდ ნუ იჭაჭებით! ძალის ეშინია ივანიშვილს… დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ!“ — აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
















