ხაბეიშვილი – მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ინდომებს, ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ყველა ადამიანი, ვისაც აქვს საღი აზრი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია“. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უწოდებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს.

„ლომჯარიაზე, სახალხო დამცველზე ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია; ევროპარლამენტარებზე ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან; სენატორებზე ამბობენ, რომ მაგალითად, რიში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ასე შემდეგ. ყველა, ვისაც აზრი მოეკითხება ამ ქვეყანაზე, ცივილიზებულ სამყაროში, ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ქურდული სამყაროს თუ რაღაცა მოძველბიჭო ელემენტები, რომლებსაც გინების და ლანძღვის მეტი არაფერი არ შეუძლიათ კი, „ქართული ოცნების“ წევრები. დიახ, ამ კონტრასტში ნამდვილად მინდა, დავეთანხმო. ის რომ ახლა სახალხო დამცველი იმ პარტიაშია, ამ პარტიაშია მე მგონი, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, არავინ არსად პარტიაში არ არის. უბრალოდ, ადამიანებს აქვთ საღი აზრი და კანონის შესაბამის მსჯელობენ, კანონის შესაბამისად მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის კერძო კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომ იმუშაონ არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე.

„არ ვიცი ახლა, ბიძინა ივანიშვილის ხელში სალომე ზურაბიშვილი არის უფრო სათამაშო, ვიდრე პრეზიდენტი. შესაბამისად, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ შეათანხმებს ამასაც რუს ოლიგარქთან. ამიტომ, მე გულწრფელად ამ შინაარსობრივი განხილვის ნამდვილად არ მჯერა. თუმცა მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ინდომებს იმას, რომ ქვეყანაში კრიზისი განიმუხტოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დებატებში იწვევს
შემდეგი სტატიამეტადონის პროგრამაში ჰყავთ და სათავისოდ იყენებენ – დეკანოიძე რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებზე