ხაბეიშვილი – გრიგოლ ვაშაძის ხელმეორე განცხადებაში ცალსახადაა მითითებული, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილ, რაიმე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს

მას, ვინც ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ არჩევნებს აღიარებს, შეუძლია პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში შევიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიის პოზიციაა, რომ ბრძოლა გრძელდება, ვიდრე არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.

„ფაქტია, რომ არაფერი იცვლება ჩვენს ბრძოლაში. ფაქტია, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ფაქტია, რომ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს და ეს იქნება ფაქტობრივი კაპიტულაცია ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც ამას გააკეთებს. მას, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალადობრივ არჩევნებს აღიარებს, შეუძლია პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში შევიდეს. ბნელ ოთახში კატის ძებნასაც ნუ დავიწყებთ მარტივი რამის გამო. ჩემი, როგორც ამ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლის და პარტიის პოზიციაა, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, ვიდრე არ დაინიშნება განმეორებითი არჩევნები, ახალი ცენტრალური ადმინისტრაციის პირობებში. ანუ არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ამ თემის გარდა. პირველივე დღეს, როცა გაიმართა პირველი საპროტესტო აქცია, ოპოზიციისგან პირველი შეთავაზება იყო, დავსხდეთ მაგიდასთან ერთ თემაზე სალაპარაკოდ – როგორ დავნიშნოთ ხელახალი არჩევნები და როგორ ჩავატაროთ ახალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის განცხადებას და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტებით, ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

„გრიგოლ ვაშაძემ განმეორებითი განცხადება გააკეთა. მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ბრძოლა გრძელდება, მათ შორის ბატონმა გრიგოლმაც გააკეთა შესაბამისი განმარტება, რომ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, რომ ამ პირობებში მეორე ტურში მონაწილეობას არ ვაპირებთ და რომ მოლაპარაკება ხელისუფლებასთან გაიმართება მხოლოდ ერთ რამეზე -განმეორებითი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში. მესმის, რომ მძიმე სიტუაციაში ვართ. საზოგადოებას, ჟურნალისტებსაც 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუშაობა. მესმის, რომ თითოეულ სიტყვას ოქროს ფასი აქვს, მაგრამ მგონია, რომ ამ დროისთვის ყველა კითხვა ამოწურულია. გრიგოლ ვაშაძის ხელმეორე განცხადებაში ცალსახადაა მითითებული, რომ არანაირი კითხვის ნიშანი, კონტექსტიდან ამოვარდნილ, რაიმე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე – სააკაშვილის ჩამოსვლის საჭიროება არ არის, დაწყნარდეს
შემდეგი სტატიაკატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ პარტიები არ შედიან პარლამენტში – ძიძიგური