მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მან საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ“.
„მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა. ნიკა მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი და შემოსავალი მოემატებათ, თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება?! რამე გაიაფდება და შეღავათი მიეცემა ხალხს?!
ცხადია პასუხი არის – არა! უბრალოდ სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა!
არ მოგბეზრდათ ეს სამარცხვინო მდგომარეობა?! არ მოგბეზრდათ ძალადობა და ასეთი “შოუების” ყურება?! არ გინდათ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ჩვენს სამშობლოზე ვიზრუნოთ?! – ცხადია ყველას გვინდა! ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ! ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.