KFC-ის ქათმის ფრთები – თარხან მოურავი განმარტებას აკეთებს

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს დასახელებამ, რომელმაც საქართველოში წინასაარჩევნოდ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა დავით თარხან მოურავი დააბნია. მხარდამჭერების რაოდენობით მესამე პარტიის , „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს GFK და მსოფლიოში სახელგანთქმული რესტორანი “KFC” ერთი და იგივე ჰგონია და ირონიულად აცხადებს, რომ რუსთავი ორის დაკვეთით კვლევა ისეთმა ორგანიზაციამ ჩაატარა, რომელიც მსოფლიოში ქათმის ფრთებს ყიდის. აღნიშნული განცხადება თარხან-მოურავმა არჩევნებამდე გააკეთა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მომხდარს თავად დავით თარხან მოურავი განმარტავს. შეცდომას თარხან მოურავი „მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას“ აბრალებს, რომელიც კვლევებს მისი თქმით, უცნობ კომპანიებს ატარებინებს:

„ერთი წელიწადია ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ძალიან ცუდი პრაქტიკა: ჩამოჰყავთ სრულიად უცნობი, უსახელო ორგანიზაციები, რაღაც აბრევიატურას აცხადებენ და გვეუბნებიან, რომ კვლევითმა ორგანიზაციამ “ეი ბი ოუ”-მ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პირველ ადგილზეა და, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” არის ბოლო ადგილზე. ან რაღაც “ჯეი ენ ფი”-მ ჩაატარა კვლევა და გაირკვა, რომ ნაცმოძრაობა არის პირველ ადგილზე. ერთი წელია, ვამბობ, რომ ეს არის უსახელო ორგანიზაციები, რომლებსაც, როგორც წესი, რეპუტაცია ან საერთოდ არ აქვთ, ან ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ. მათი კომპეტენცია ყოველთვის ეჭვქვეშ დგას, მაგრამ ისინი მუდმივად გვიყვებიან, რომ რაღაცა კვლევა ჩაატარეს და ნაცმოძრაობა პირველ ადგილზე გავიდა. ვთქვი, რომ ასეთი აბრევიატურა აქვს “ქეი ეფ სი”-ს, რომელიც აცხობს ქათმის ფრთებს. და როგორც “ქეი ეფ სი”-ს არავითარი კავშირი არ აქვს სოციოლოგიურ კვლევებთან, ასევე ეს სრულიად უცნობი რაღაც “დაბლიუ თი ენ” ან სხვა ასეთი კომპანიებიც არანაირ კავშირში არ არიან ჭეშმარიტ და ნამდვილ კვლევებთან. ესენიც აცხობენ ცხელ-ცხელ ტყუილებს და ამ ტყუილებს სთავაზობენ საზოგადოებას. ამას ვამბობ ერთი წელია. იმდენჯერ ვთქვი, რომ მგონია, ყველამ გაიგო, რაზე ვლაპარაკობ. როგორც ჩანს, ყველამ ვერ გაიგო, ზოგიერთს კი არ სურს გაიგოს, რაზე ვსაუბრობთ.

ახლა რაც ხდება, ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი სამარცხვინო, შავი პიარი: თურმე ჩვენ განსხვავებას ვერ ვხედავთ “ქეი ეფ სი”-ს ფრთებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის. უცოდინარი ან გაუნათლებელი ხალხის გვეტყობა რამე? ანდა მე თვითონ არ ვკითხულობდი ამ სფეროში ლექციებს და სტუდენტები არ მყავს ამ სფეროში?! ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარი! სამწუხაროა, რომ ახლა ამაში ხელისუფლებაც ჩაება! ხელისუფლებასაც ჩამოჰყავს ასეთივე უსახელო ორგანიზაციები რაღაც აბრევიატურებით, და ახლა ისინიც გვთავაზობენ რაღაც კვლევებს და ეტყობა ამას ვერ გავექცევით. ამიტომ ახლა ჩვენც უნდა ჩამოვიყვანოთ რომელიმე ორგანიზაცია“, – აცხადებს თარხან მოურავი.

მომხდარს ეხმიანება ირმა ინაშვილიც, რომელიც დავით თარხან მოურავის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს:

“ბევრი “კრიტიკოსი” “გარშოკზე” იჯდა, როცა თარხან-მოურავი საქართველოს პროგრამისტთა ნაკრებს წვრთნიდა და ლექციებს კითხულობდა სწორედ კვლევების თემაზე. ისე, წლების მანძილზე უცხოეთშიც ცხოვრობდა და როგორმე არ ეშლება ერთმანეთისგან KFC, თუ GFK.

გავიგე, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ მოსწონს ვინმე თავიდან ფეხის ქუსლამდე რესტავრირებულ კუზანოვას… (ბურჭულაძეში მაგრად გაუმართლა!!! ვულოცავ!) გავიგე, რომ ცუდად ვცეკვავ… თქვენ იცეკვეთ უკეთესად და ტაშს დაგიკრავთ, მაგრამ ეს “კრიტიკოსები” არც ცეკვაში ვარგიხართ სინამდვილეში და არც სიმღერაში.

ტექსტის მოსმენის უნარიც დაკარგა ამ ხალხმა, თუ ყველა ნაცისტების შავი პიარის მსხვერლი გახდა?!… კაცი უაზროდ რომ იცინის და დაგვცინის, თვითონ ხდება სასაცილო. სახლში სარკე არა გაქვთ, სიცილისმოყვარულებო?!”, – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ფრთხილად იყავით, თუ გიყვართ დედა, ოჯახი, ცოლი, შვილი, გამზრდელი!
შემდეგი სტატიამამუკა კაციტაძე: „ახალი მემარჯვენეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ