კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ვალდებულებები, უხარისხობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კალაძემ ყურადღება გაამახვილა გლდანში რამდენიმე ქუჩაზე წარმოებულ სამუშაოებზე და უკმაყოფილება გამოთქვა სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მერია თვალს ვერ დახუჭავს უხარისხობაზე და კომპანიებს მოუწევთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.

კახა კალაძის განმარტებით, კომპანიას, რომელიც გლდანში ორ ქუჩაზე აწარმოებდა სამუშაოებს, დაევალა, საგზაო ინფრასტრუქტურა თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს.

„რადგან ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო გლდანში, კონკრეტულად ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე, ეს არის ხიზაბავრისა და ხარაძის ქუჩები, რომელსაც გლდანის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ ამ ორ ქუჩაზე გვქონდა პრობლემები. როდესაც მოხდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შევიდა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური და ლაბორატორია შემოწმებაზე, რათა ჩაებარებინა პროექტი, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო. ამას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მოყვა რეაგირება. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა.

ელემენტარულად სინჯების აღება ვერ მოახერხა ლაბორატორიამ ისეთი ცუდი მოასფალტებული იყო ეს ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი ოპონენტების მხრიდან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ, აი, ამდენი ხანი ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა თავიდან თხრიან. არა, მეგობრებო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში თვალს არ დავხუჭავთ უხარისხობაზე, შეუსრულებელ ვალდებულებებზე, სამწუხაროდ, არსებობს ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებუყლებებს. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებლი ვალდებულებები შეასრულეთ, სხვას არაფერს გთხოვთ, გვინდა, ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული სამუშაოები და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომელიც ზოგადად დისკომფრტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ რამით დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა, მეგობრებო. ყველა ვემსახურებით ჩვენს ქალაქს, ხალხს, შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ ასეთ გაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კონკრეტულ კომპანიას მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება თავისივე ხარჯებით.თქვენგან გვჭირდება ჩვენ მხარდაჭერა და თანადგომა, მხოლოდ ჩვენი მთავრობის წევრების არ არის ეს ქალაქი, ყველასია. ერთადერთი, რასაც გთხოვთ, გთხოვთ თანადგომას და მხარდაჭერას, რომ მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, გავალამაზოთ, ყველა აქ ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს ორივე ქუჩა ძალიან მალე იქნება მოწესრიგებული და სალაპარაკო არ გახდება ეს თემა. მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, რომ რაც შეიძლება დროულად შეასრულონ სამუშაოები, რაც არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა, თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ, რათა ასეთმა კომპანიებმა მეორეჯერ არ მიიღონ მონაწილეობა. თუ არ გაქვს შესაძლებლობა და თავი, შეასრულო სამუშაოები, დაანებე თავი და ნუ მიიღებ მონაწილეობას ტენდერში“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია
შემდეგი სტატიაპროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მარტში დაიწყება