“კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში, ერთ სივრცეში მომსახურების სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული მიწოდება უზრუნველყოფილია იუსტიციის სახლების მეშვეობით, სადაც მომხმარებლებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სწრაფად და მარტივად მიეწოდებათ 300-ზე მეტი ტიპის მომსახურება, რაც ექსკლუზიურად მთავრობის კომპეტენციაა.საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის კი, შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში.

“საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების დიდი ნაწილი და ინფორმაცია – ისინი შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრსა თუ დედაქალაქში მგზავრობის გარეშე შეძლებენ საჯარო მომსახურების 200-ზე მეტი ტიპით სარგებლობას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამით მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა: საზოგადოებრივი ცენტრები თავს უყრის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების მომსახურებას, ბიბლიოთეკებს, უფასო ინტერნეტსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ასევე ერთ სივრცეში მოქალაქეთა ჩართულობის ადგილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეაგირება მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მომსახურების გაუმჯობესება. ელექტრონული მმართველობის დანერგვის კომპონენტი გულისხმობს საქართველოს სოფლებისა და ცენტრებიდან დაშორებული რაიონების სათანადო ჩართვას საჯარო მომსახურების ციფრულ რეჟიმში გადასვლის პროცესში, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუნიციპალური მენეჯმენტის სისტემა მოიცავს ათ ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, რომლებსაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლება. ამ სისტემის განხორციელების შედეგად, გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ასე რომ, საზოგადოებრივმა ცენტრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის საინფორმაციო ნაკადის სისწრაფის გაუმჯობესებასა და მათ შორის ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ელექტრონული მმართველობის ორი მაგალითი დაასახელა – ელექტრონულად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და ელექტრონული სამთავრობო კომისია.

პრემიერი სთქმით, ხელისუფლების სურვილია, საქართველოს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად თავისუფალი წვდომა ჰქოდეთ საჯარო ინფორმაციაზე, რისთვისაც დაინერგა ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურება, ე.წ. მოქალაქეთა პორტალი.

“ის საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას, მთავრობასთან ურთიერთობა აწარმოოს ელექტრონულად. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის განაცხადით 60 საჯარო დაწესებულებას მიმართონ, ინფორმაცია მოიპოვონ განაცხადის სტატუსთან დაკავშირებით და ელექტრონულადვე მიიღონ პასუხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ელექტრონული მმართველობის კომისია კი, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას და კოორდინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით; მოახდენს ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამოაყალიბებს მონაცემთა გაცვლის სისტემას საინფორმაციო რესურსზე წვდომის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ელექტრონული მმართველობისა და ეფექტიანი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზით განხორციელებული ინოვაციები უფრო დააახლოებს მთავრობას, კერძო სექტორსა და მოქალაქეს, შედეგად, კი უკეთესი და მეტი ბერკეტი იარსებებს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.

“ეს არის ძირითადი გზავნილი, რომელიც დღეს გვსურს ვისაუბროთ, რადგან სახელმწიფო განვითარების მიზნები არ არის იოლი. ეს განსაკუთრებით მე-16 მიზანს ეხება. თუმცა, არც ერთი მათგანი არ არის შეუსრულებელი. ჩემი აზრით, მკაფიო გეგმის არსებობაა საჭირო. ეს უნდა იყოს ეროვნული კონცეფცია, რომელიც გამჭვირვალე სამთავრობო უწყებების მიერ იქნება შემუშავებული სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც დაუთმო.

“საქართველოს ეროვნული კონცეფცია იანვარში იქნა მიღებული ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის შემდგომ მოდერნიზაციას. ძირითადი აქცენტი კეთდება ღია მმართველობისა და საჯარო მომსახურების მოდერნიზაციაზე, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, ეფექტიანობის გაზრდის, მომატებული გამჭვირვალობის, საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის გზით. ჩემ მიერ აქ წარმოდგენილი ყველა პროექტი ამ კონტექსტში ერთიანდება. მზად ვართ, გავუზიაროთ გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებს, რადგან მჯერა, რომ ბევრ სარგებელს მივიღებთ დონორი სააგენტოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების გაერთიანებით. სამხრეთის მიმართულებით თანამშრომლობა ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. საქართველოს შეუძლია და უკვე ეხმარება კიდეც საკუთარი ექსპერტული ცოდნითა და საკადრო რესურსით სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებს. თავის დროზე ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში საქართველომაც მიიღო ესტონეთის მხარდაჭერა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა კონსტრუქციული მუშაობისათვის მე-16 მიზნის შესასრულებლად განსაზღვრული ძალისხმევის კოორდინაციის ფორმატში, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს თავმჯომარეობის პერიოდში იქნება შესაძლებელი და 2017 წლიდან დაიწყება.

“2030 წლამდე გაწერილი პროგრამა ეფუძნება ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად პრინციპებს და მისი ორიენტირები ღია მმართველობის პარტნიორობასთან თავსებადია. ამდენად, ეს პარტნიორობა ყველაზე მოქნილი და ინოვაციური პლატფორმაა ამ მიზნების მისაღწევად. დასკვნის სახით დღევანდელი ტრიბუნიდან მინდა გითხრათ საქართველოს მთავარი სათქმელი – იმისათვის, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ მიზნებს, შევქმნათ ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო და კოორდინირებული ძალისხმევა, თუმცა ამ იდეის გამტარებელი და ავტორი ეროვნული ხელისუფლება უნდა იყოს. კეთების პროცესში ვსწავლობთ, მაგრამ ერთად უნდა ვისწავლოთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. სწორედ ამიტომ გახლავთ მნიშვნელოვანი დღევანდელი ღონისძიება და მსგავსი შეკრებები”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ესტონეთის გამოცდილებაზე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა. ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატების ისტორიები, ასევე, განიხილეს გამოწვევები ელექტრონული მმართველობისა და მარტივად ხელმისაწვდომი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფის გზაზე, რაც, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნისთვის მნიშვნელოვანია.

მაღალი რანგის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ორგანიზებით პირველად გაიმართა, მხარი დაუჭირეს ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ, ბელგიამ და გაეროს განვითარების პროგრამამ. ღონისძიების მთავარი თემა იყო ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ინკლუზიური ინსტიტუტების განვითარებას, ელექტრონული მთავრობის და საჯარო სერვისის გზით.

შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ორგანიზებით, გაეროში პირველად, ეფექტური ინსტიტუციების თემაზე, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაროგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი