“მცხეთის რაიონის კორუმპირებული ფეოდალის – დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი – გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახებინა” – ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის დეპატატი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმიტომ სცადეს, რომ გუშინ სოფელი ქსნის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივ სკვერში მე და ლია ყოჩიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდით. რის გამოც, შიშისგან დაფეთებულმა კრიმინალური და კორუმპირებული დაჯგუფების წევრმა, მცხეთის საკრებულოს ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ჯიქიამ და ამავე სოფლის რწმუნებულმა გიორგი ალავერდაშვილმა “ოცნების“ აქტივისტების მობილიზება და თვალთვალი დაიწყეს. დღეს კიდევ, კრიმინალური მეთოდებით შეეცადნენ ლია ყოჩიშვილის მიმართ შურისძიებას. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენი გუნდის, “გახარია საქართველოსთვის” საიმედო ადამიანს წარმოადგენს და არაერთხელ ამხილა ისინი კრიმინალსა და კორუფციაში.
რომ არა სწრაფი რეაგირება შეჯახების მიზნით მისი მიმართულებით დიდი სიჩქარით მომავალ ავტომანქანაზე, ლია ყოჩიშვილი ცოცხალი, ალბათ, არ იქნებოდა. მანქანის დაჯახების მცდელობიდან მალევე, მანქანიდან გადმოვიდა გიორგი მურჯიკნელი და დაიწყო ლია ყოჩიშვილის მიმართ მუქარა” – წერს კერესელიძე სოციალურ ქსელში.