კერძო უნივერსიტეტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გააკეთა.
გაბისონიას კითხვა გახარიას პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ დაუსვა – “რატომ უზღუდავთ სტუდენტებს, ვისაც კერძო უნივერსიტეტებში სურთ ჩაბარება, ამ მიმართულებით მიიღონ სახელმწიფო გრანტი და მოხდეს დაფინანსება?”
სწორედ ამ კითხვაზე საპასუხოდ, თქვა მინისტრის მოადგილემ, რომ ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა სახელმწიფოს მიმართებაში. ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსებაზე სახელმწიფო უარს ამბობს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტზე იქნება.
კითხვა ბიუროზე მას “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ვიკა ფილფანმა დაუსვა – “როგორ უნდა გადაწყვიტოს სამინისტრომ ილიას უნივერსიტეტში იქნება ფილოსოფია, თუ თსუ-ში? თბილისში დაახლოებით რამდენი ფაკულტეტი იქნება?”
ამას სამინისტრო არ განსაზღვრავს. მთავრობა განსაზღვრავს როგორც პროგრამებს, ასევე განსაზღვარვს ქვოტირების საკითხებს.
დღეის მდგომარეობით, თუ სტუდენტს შეუძლია შემოხაზოს პირველი – მაგალითად თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, მეორე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტი, მესამე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მეოთხე სტუ-ს იურიდიული ფაკულტეტი – ამ შემთხვევაში ავტომატურად, იმის გამო, რომ რეფორმა ითვალისწინებს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს, ანუ ერთი პროგრამის პრინციპს, შესაბამისად ამ 4-5 უნივერსიტეტს აღარ შეეძლებათ ერთი და იმავე ფაკულტეტზე მიიღოს სტუდენტები, ამიტომ შემოხაზვის შეზღუდვაც ავტომატურად მოხდებოდა”, – აცხადებს ზვიად გაბისონია.
ასევე საინტერესო იყო გახარიას კიდევ ერთი თანაგუნდელის, სოფიო ხორგუანის კითხვა – პოლიტიკოსმა გაბისონიას ჰკითხა: თქვენ თქვით ბაზრის კვლევას უნდა დაეყრდნოსო, ალბათ პროგნოზებიც იგულისხმება, შეიძლება ბაზარმა გვითხრა, იურისტები მეტი არ გვჭირდება, შეიძლება ბაზარმა გვითხრა, რომ ფილოსოფოსები მეტი არ გვჭირდება, მაშინ რას ვაკეთებთ?
კანონმდებლობაში ცალსახად არ გვაქვს ერთადერთი კრიტერიუმი, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. იქ ნახავდით, არის ჩამონათვალი და ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე სხვა პუნქტებში შესაძლებელი იქნება, რომ ეს მიმართულებებიც იქნას გათვალისწინებული”, – უპასუხა გაბისონიამ.

















