კერძო ტელევიზიებს პარლამენტის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ

კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა მიიღო და ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის „ლაივ-სტრიმი“ მიეწოდება, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში გავა:

”როგორც მოგეხსენებათ, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ”საზოგადოებრივი მეუწყებლის” მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ. ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი – ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომლის თქმით, მას ამ თემაზე ჟურნალისტებმა მიმართეს. მდინარაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკითხში დეტალურად გაერკვევა.

banner
წინა სტატიაშიკახი ლაზარიშვილი-„იატაკი ჩავარდა, თანამშრომელი ჩავარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა!“
შემდეგი სტატია„როგორც ჩანს დავესწრები” – პრეზიდენტის ანგარიშზე დამსწრე მინისტრთა ნაწილის ვინაობა ცნობილია