კენტი : „მოღალატე“ და „ფაშისტი“ არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტი საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენონ. მისი თქმით, სიტყვები, როგორიცაა “მოღალატე” და „ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს. განცხადება კენტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გააკეთა. მანვე საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში მედიის როლზეც ისაუბრა:

„ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა „მოღალატე” და „ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს. მიმაჩნია, კანდიდატები ერთმანეთს იდეების და საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალზე მათი შეხედულებების დონეზე უნდა შეეჯიბრონ.

ნებისმიერ საზოგადოებაში მედიის როლი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ვფიქრობ, კარგია შეხედულებების მრავალფეროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის მედია, რომლებიც განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებული ფორმის ინფორმაციას აჩვენებს.

ორმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე რაუნდში ჩვენი მოლოდინი იქნება, არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება – არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს – დაცული იქნება“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარი, 2 ლარი და 74 თეთრი ღირს – არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ, ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო
შემდეგი სტატია“სიტყვა დეზინფორმაცია თუ არ იცით რა არის, იქნებ მოიკითხოთ,” – იზორია უარყოფს, რომ ბოლტონმა გააფრთხილა არ გადასცეს “ჯაველინები” რუსეთს