,,კემულარიას რეპუტაციას სახელმწიფო კბილებით იცავდა , ეჭვი მაქვს, თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს”

იუსტიციის ყოფილი მინისტრის კოტე კემულარიას რეპუტაციას სახელმწიფო კბილებით იცავდა და ამიტომ ეჭვი მაქვს, თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს მომავალში, – ამის შესახებ უფლებადამცვლემა ლია მუხაშავრიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მარიამ ჯიშკარიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მუხაშავრია, იოსებ ხატიაშვილთან ერთად სტრასბურგში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის ინტერესებს იცავდა.

მუხაშავრიას ინფორმაციით, მიუხედავად იმიას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში წინა ხელისუფლების კრიტიკით მოვიდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა მარიამ ჯოშკარიანის საწინააღმდეგო პოზიციას განსაკუთრებული აგრესიით იცავდა.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ იუსტიციის მინისტრს და ახლა გვაქვს უკვე მტკიცებულება, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო არ არის. ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე მუდმივად გვესმის წინა ხელისუფლების კრიტიკა და ამ კრიტიკის ხარჯზე მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება და კონკრეტული საქმის გამო განმარტებას წერს იუსტიციის სამინისტრო ევროსასამართლოში, უნდა ნახოთ როგორ კბილებით იცავს მთავრობა თავის პოზიციას და როგორ ამტკიცებს, რომ მოსარჩელე არ არის მართალი და მისი საჩივარი უსაფუძვლოა. განსაკუთრებით აგრესიული იყო საქართველოს მთავრობა სწორედ ამ კონკრეტულ საქმეზე და პრაქტიკულად ჩვენ მოგვიწია იმის მტკიცება, რომ აქლემები არ ვართ. განსაკუთრებული აგრესია ალბათ იმან განაპირობა, რომ იცავდნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრის რეპუტაციას და ეჭვი მაქვს, რომ თეა წულუკიანს ეშინია, რომ მასაც მოუწევს მსგავსი სარჩელების გამო პასუხი აგოს მომავალში“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

რაც შეეხება სტრასბურგში მოგებულ საქმეს, უფლებადამცველის ინფორმაციით, მარიამ ჯიშკარიანის მიმართ ევროკონვენციის მერვე მუხლის დარღვევის დადგენა, ადასტურებს იმას, რომ საქართველოში უფლებადამცველები არიან დაცულები და მათი უფლებების დარღვევა ხდება არა რიგითი საჯარო მოხელის, არამედ პირადად იუსტიციის მინისტრის მხრიდან.

„ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ქართულმა სასამართლოებმა არ დაიცვეს ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის პატივისცემის უფლება და არანაირი შეფასება არ მისცეს კოტე კემულარიას აშკარად ყალბ და არასწორ ცნობებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა რამდენჯერმე აღნიშნული, რომ მასმედიისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი მტკიცების ტვირთს აკისრებს მომჩივანს. ეს საკითხი აღძრავს პრობლემას, რომ ეროვნულ სასამართლო სისტემაში პრაქტიკულად შეუძლებელია პატივისა და ღირსების დაცვა იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს ადგენს მომჩივანი მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს არის ვარაუდი, რომ მინისტრთა კომიტეტმა მოითხოვოს ამ კანონის გადასინჯვა და გარკვეული ცვლილებების შეტანა. მე ასევე წლების მანძილზე ვიცავ ჟურნალისტების უფლებებსაც, მაგრამ ის კანონი რომელიც დღეს მოქმედებს მედიის თავისუფლების კუთხით, აშკარად ზიანს აყენებს თავად მედიას და სამწუხაროდ, მედიას ქმნის უპასუხისმგებლოს და ჟარგონულად რომ ვთქვათ „გაყვითლებულ მედიად“, რაც ძალიან სამწუხაროა.

მეორე მხრივ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამორიცხული არაა, რომ მარიამ ჯიშკარიანს მიეცეს შესაძლებლობა და უფლება გადაისინჯოს მისი სარჩელი ეროვნულ სასამართლოებში, რომ უკვე შიდა სასამართლომ დაადგინოს პირადი, პროფესიული და საქმიანი რეპუტაციის დარღვევა და მას შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადონ“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, რომ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს წინააღმდეგ სტასბურგში საქმე მოიგო.

„2018 წლის 20 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ- გვერდზე გამოქვეყნებული იქნა სასამართლოს განჩინება საქმეზე მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home . აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადგინა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე – 8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სასამართლო სისტემის მხრიდან მარიამ ჯიშკარიანის რეპუტაციის დაუცველობის გამო. საქმე ეხებოდა ფაქტს, რომლითაც იუსტიციის მინისტრი კოტე კემულარია ახორციელებდა ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელზე ზეწოლასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მას-მედიის საშუალებებით, წამების ფაქტების დოკუმენტირების გამო“, – ნათქვამია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“უსაზღვრო ძარცვა-გლეჯვა საკუთარი, ისედაც მოტყუებული და დაჩაგრული ხალხის”
შემდეგი სტატიაივანიშვილის ეზოში ასწლოვანი ცაცხვის გადატანის გამო, სოფელ გურიფულის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი