კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, კობახიძის მუქარა, რომელი მუხლით აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, ნამდვილად არ შეაშინებთ – ვაშაძე

კელი დეგნანს, ამერიკის საელჩოს თუ მით უმეტეს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, [ირაკლი] კობახიძის მუქარა, რომელი მუხლით აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, ნამდვილად არ შეაშინებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ კამპანიის ნაწილია, რომელიც იმისთვის წამოიწყეს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატიდ სტატუსი არ მიიღოს.

“თავს ესხმიან მეგობრებს, პარტნიორებს. ფაქტობრივად, შანტაჟის ენით ელაპარაკებიან ამერიკულ მხარეს, ევროკავშირში პარლამენტარებს ქვეყნის მტრად აცხადებენ. რატომ ესხმის თავს კობახიძე აშშ- ის ელჩს? ამას აკეთებს იმიტომ, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამერიკას დაემუქრა, ჩვენ ხომ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ დელეგაციიდან ამოვიღოთ მოსამართლე? შესაბამისად, ამერიკას დაემუქრა, თორემ ჩვენ არ გვიკვირს დაჭერის მუქარა, უკვე ყველა მზად ვართ ამისთვის. მე ვფიქრობ, რაღაც მენტალურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, იმდენად გაოცებული ვარ, ყოველ დღე როგორ ამძიმებენ ვითარებას. ამერიკის საელჩოს ემუქრები, პარტიის თავმჯდომარე გამოდიხარ და ამბობ, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღვძრათ, თუ პასუხს არ გამცემ, მართლა ასეა თუ ისეაო – ეს მოგვეხმარება ევროკავშირში ინტეგრაციაში თუ ხელს შეგვიშლის?! რას ნიშნავს, არ დადასტურებულა? – უბრალოდ სახეზე არ მოეწონათ, ცოტა მოსუქებულად ჩათვალეს მოსამართლე ბატონი და ამიტომ არ მოხვდა დელეგაციის სიაში, კარგი, ბატონო. კობახიძის განცხადება არის ძალიან მძიმე და არის ანტიევროკავშირის კამპანიის ნაწილი, რომელიც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ”, თორემ კელი დეგნანი იქნება, ამერიკის საელჩო თუ მით უმეტეს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, კობახიძის მუქარა, რომელი მუხლით აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, ნამდვილად არ შეაშინებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

მან მოსამართლეებს მოუწოდა “მოისხნან ბორკილები”, გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ. ვაშაძე ამბობს, რომ საზოგადოება მალე შეიტყობს, როგორ აშანტაჟებენ მოსამართლეებს.

“დისკრიმინაციულია, როცა სახლებში უვარდებიან მოსამართლეებს, აშინებენ, აშანტაჟებენ ბავშვებით, მეუღლეებით, ოჯახის წევრებით, თვითმკველობამდე მიჰყავთ უზენაესი სასამართლოს თუ სხვა კატეგორიის მოსამართლეები, ამის ფაქტებს, ძალიან მალე მთლიანად საზოგადოება ნახავს, რამხელა დანაშაულებრივი მექანიზმი, კრიმინალური დაჯგუფება ააწყვეს კლანის სახით სასამართლოში, ეს ნამდვილად დისკრიმინაციულია”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაგვარამიამ დამაბარა მადლობა ყველას მიმართ, ვინც შემოწირულობა განახორციელა, განსაკუთრებით დავით დვალის მიმართ – ადვოკატი