კელი დეგნანი – ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა და საზოგადოება სერიოზულად ეკიდებიან რუსული დეზინფორმაციის თემას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 23, 2020 20:01

კელი დეგნანი – ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა და საზოგადოება სერიოზულად ეკიდებიან რუსული დეზინფორმაციის თემას

რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნე აქტორების დეზინფორმაცია ვიხილეთ სხვადასხვა არჩევნებზე ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ სამართლიანი იქნება, დავასკვნათ, რომ იგივე განმეორდება აქაც, ვფიქრობ, მთავრობა და საზოგადოება ამ თემას სერიოზულად ეკიდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

კითხვაზე – რა კომენტარს გააკეთებდა ერთ-ერთ უცხოურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ მოსაზრებაზე საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სტატია ცხადყოფს საქართველოსადმი დიდ ინტერესს.

„პირველ რიგში, ეს ცხადყოფს, რომ ჩემი წინამორბედები ღრმა ინტერესს გამოხატავენ. წუხან საქართველოს წარმატებასა და მომავალზე. ეს ადასტურებს იმას, რაც ბევრმა უკვე იცის, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისადმი დიდი ინტერესია და ზოგადად, საქართველოს პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან, როგორც დემოკრატიულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს წარმატების დიდი მოლოდინი არსებობს“, – აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, რუსეთის დეზინფორმაცია გამოჩნდა აშშ-სა და ევროპაში ჩატარებულ არჩევნებზე და მოსალოდნელია განმეორდეს საქართველოშიც.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, ჩვენ ვიხილეთ დეზინფორმაცია რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნე აქტორებისგან. ეს მოხდა სხვადასხვა არჩევნებზე, ევროპაში და ამერიკაშიც. ამიტომ სამართლიანი იქნება, დავასკვნათ, რომ იგივე განმეორდება აქაც. ვფიქრობ, მთავრობა და საზოგადოებაც ამ თემას სერიოზულად ეკიდებიან. ისინი უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ ყალბი ახალი ამბებისა და იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია საზოგადოების დაბნევისკენ, არასტაბილურობის შექმნისა და წარმატებისკენ მიმავალი გზიდან საქართველოს ​ჩამოცილებისკენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 23, 2020 20:01