კელი დეგნანი: საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე აშშ-ში დიდი ინტერესია

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

კელი დეგნანის თქმით, ამ მიმართულებით აშშ-ში ინტერესი საკმაოდ დიდია და თემის განხილვის შესაძლებლობა არსებობს.

“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა, ცხადია, რომ ინტერესი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ისეთი სავაჭრო მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დაწყებულია და ალბათ, ეს არის პრიორიტეტული, თუმცა თემის განხილვის შესაძლებლობლობა აშშ-ში არსებობს”, — განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ასევე ისაუბრა ქვეყნის მიმდინარე გამოწვევებზე და განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელი საქართველოსთვის არის ძალზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული წელი. შემოდგომის არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ და წარმოაჩინოს ის პროგრესი, რომელსაც მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არჩევნები არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ გადაიდგას ზუსტი და გადამწყვეტი ნაბიჯები თავისუფალი და სანდო არჩევნების მიმართ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მიიღოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა.”, — განაცხადა დეგნანმა.

ელჩმა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

“ვართ რა პანდემიის პერიოდში, ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკების აღდგენა და მინდა გაცნობოთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას, გააგრძელებს პარტნიორობას და მეგობრობას საქართველოსთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. აშშ იდგება მისი მეგობრის საქართველოს გვერდით”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: მათ სურთ, ნახონ, როგორ მიყვება საქართველო თავის ევროატლანტიკურ გზას
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა