კელი დეგნანი – „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამერიკელი ხალხის სახელით, ძალიან მოხარული ვარ, რომ დავხვდი „ფაიზერის“ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, „ფაიზერის“ ვაქცინას დახვდა.
ელჩის შეფასებით, აშშ-ი მოხარულია, საქართველოს გადასცეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა.
„აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე და ახლა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმასა, რასაც შეუძლია, ნამდვილად შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. 500 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, რაც აშშ-მა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა 3 განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადაცემა, ასევე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობის გადაცემა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს 300 პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
დიპლომატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და სამინისტროს თანამშრომლებს დაუღალავი შრომისა და შესანიშნავი კოორდინაციისთვის, რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან.
„მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეკუთვნის ვაქცინაცია საქართველოში, ისარგებლოს ამ შემთხვევით და აიცრას რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ეს არის საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღდგენისთვის. მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ორი დოზა, ასევე საელჩოს გუნდის უმეტესმა ნაწილმა. ასე, რომ მე გირჩევთ და მოგიწოდებთ, აიცრათ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

წინა სტატიაშისაქართველოს საელჩო საფრანგეთში, ამ ქვეყანაში გამგზავრების მსურველებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი