კელი დეგნანი – აშშ მოხარული იქნება, დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას

აშშ მოხარული იქნება, დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას და რომელიც გაამთელებდა ღრმა დაყოფას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე ძალიან კარგად დაახასიათა საქართველოში არსებული სიტუაცია.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად დაახასიათა საქართველოში არსებული სიტუაცია, ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე მის შესანიშნავ გამოსვლაში. მან ისაუბრა გამოწვევებზეც და შესაძლებლობებზეც. ის გამოვიდა ინკლუზიური მმართველობის მოწოდებით. ის გამოვიდა პოლარიზაციის განმუხტვის მოწოდებით, დიალოგის მოწოდებით, რომელიც იქნებოდა გაჯანსაღების დასაწყისი საქართველოში. აშშ მოხარული იქნება, დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას და რომელიც გაამთელებდა ღრმა დაყოფას. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა თავისი როლის ფარგლებში, რაც კონსტიტუციით აქვს, წინ წამოწია ეს ინიციატივა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს არჩეული ლიდერები შეუდგნენ მუშაობას პარლამენტში.

„ამავე დროს, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეული ლიდერები შეუდგნენ მუშაობას პარლამენტში. ბევრი ინიციატივა შეიძლება, განხორციელდეს პარლამენტში, რომელიც დაგვეხმარება პოლარიზაციის შემცირებაში და ნამდვილად წინ წამოწევდა ინკლუზიურ მმართველობას. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ოპოზიციის ლიდერებთან, მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებთან ერთად, რომლებსაც სურთ ერთად მუშაობა ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის. იქნებოდა განახლება ქართველებისთვის, თუ პარლამენტის ეს წევრები შეძლებდნენ წინ წაწევას იმ საქმეში, რისთვისაც ისინი აირჩიეს მოქალაქეებმა, იმ პოლიტიკური ფონის გარეშე, რომელიც საქართველოში პროგრესის პარალიზებას იწვევს და ეს მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს. მე იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ დაიწყონ დიალოგი, რომელიც გააჯანსაღებს ამ ქვეყანას და შეამცირებს ღრმა პოლარიზაციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

banner
წინა სტატიაშისოფელ კრწანისის იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული პირი პროკურატურამ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი