კელი: აშშ-მ ბევრი ფული ჩადო სასამართლოს შექმნაში, ჩნდება კითხვები შედეგებთან დაკავშირებით

საქართველში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლითაც ჩანს, რომ ის არ არის დაინტერესებული, მიყვეს ევროკავშირის რეკომენდაციებს. საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იან კელიმ ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში ისაუბრა.

ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენგანი, რომელსაც უყვარს საქართველო, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, შეშფოთებულია იმ ქმედებებით მთავრობის მხრიდან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ის რეალურად არ არის დაინტერესებული მიჰყვეს უკვე შეთანხმებულ რეკომენდაციებს. ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება იყო ამის შესანიშნავი მაგალით, სადაც კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ეს არ გააკეთა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან შემაშფოთებელია ეს ბევრი ჩვენგანისთვის, მათი ამგვარი პოზიცია და ხშირად გვესმის კომენტარები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ ამ პრობლემებს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს, – თქვა იან კელიმ.

წამყვანის შეკითხვაზე, რა მექანიზმები აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველოს მთავრობამ პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღება მიაქციოს, იან კელიმ თქვა, რომ ეს არის საქართველოს მიმართ აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერა.

იან კელის თქმით, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნისთვის აშშ-მ დიდი ფული ჩადო, ახლა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ის თუ რამდენად შესაბამისად იხარჯება ფინანსები საქართველოზე.

მთავარი მექანიზმი ამ შემთხვევაში არის ის ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებენ აშშ-ს გადასახადის გადამხდელები საქართველოში, ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ვაძლევთ საქართველოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა, უსაფრთხოება და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.[…] ჩვენ საკმაოდ დიდი ფული ჩავდეთ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პროცესებში და უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა, ის თემა, თუ რამდენად შესაბამისად იხარჯება ეს ფინანსები, რამდენად ვიღებთ შესაბამის შედეგებს, იმ შედეგებს, რომელიც გვჭირდება. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უნდა იქნას განხილული აშშ-ს მიერ,– თქვა იან კელიმ.

თემაზე საუბრისას იან კელიმ განმარტა, რომ ეს მექანიზმები “კონკრეტულ სექტორებს მოაქცევს აქცენტში” და “შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობას სრულად არ შეწყვეტს”.

ამასთან, საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ისაუბრა სანქციებზეც კონკრეტული პირების მიმართ და თქვა, რომ ამ კუთხით, ვიზის გაცემის თვალსაზრისით, პრეცედენტები უკრაინასა და მოლდოვაში არსებობს. კერძოდ, მისი თქმით, ამერიკამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათი აზრით, დემოკრატიულ პროცესებს ხელს უშლიდნენ.

იან კელიმ აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში იქნება საკმარისი სამხილი, რომ საქართველოში არსებობს ცუდი აქტორი, შესაძლოა ამერიკამ იგივე გააკეთოს.

აშშ-ს გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია დახმარების შეჩერება. ვიზის გაცემის თვალსაზრისით. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენ გვქონდა მიზანმიმართული ღონისძიებები იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ჩვენი აზრით, დემოკრატიულ პროცესებს უშლიდნენ ხელს. უკრაინაში გავაკეთეთ ეს ერთი ინდივიდის მიმართ და მოლდოვაში.

მე ვფიქრობ, რომ თუ გვექნება საკმარისი სამხილი, რომ საქართველოშიც არსებობს ცუდი აქტორი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიის განვითარებაზე, მაშინ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ იგივე, მასთან მიმართებითაც, რათა მას არ შეეძლოს აშშ-ში ჩასვლა.

ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლიც შეიძლება იქნას გამოყენებული – არ ვამბობ, რომ უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ არსებობს ამის გამოყენების პრეცედენტები, – თქვა მან.

“პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებამდე დადის და არ აკეთებს ფართო აქცენტს, რა პრობლემებიც აქვს ქვეყანას. ეს ყველაფერი არ აკეთებს აქცენტს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ სამომავლოდ გაძლიერდეს დემოკრატია.

მე ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია. ერთი მხრივ, მოხარული ვარ, რომ ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა და გამოვიდა სიტყვით სასამართლოში, მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია, რომ მთელი ყურადღება, მთელი აქცენტი გადადის ამ ვიწრო თემატიკაზე, ვიწრო საკითხზე, დრამატულ პოლიტიკურ არენაზე. გულახდილად რომ გითხრათ, მთელი ეს სასამართლო პროცესი არც ისე პროდუქტიულია”. – თქვა იან კელიმ ფორმულას ეთერში.

banner
წინა სტატიაშისოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდისა და ლიბერთის საქველმოქმედო აქცია მისტიურ ჯავახეთში
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 პაციენტი გარდაიცვალა