კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ვრცელდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეას მიმართა, რომელშიც რუსი დეპუტატებიც მონაწილეობენ.

“გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის მონაწილეთ, მოგესალმებით უფლის დედის – ყოვლადწმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის სახელით, იმ ქვეყნის სახელით, სადაც მაცხოვრის ნებით და ღვთისმშობლის დავალებით ქრისტიანობა ჯერ კიდევ I საუკუნეში იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა და დაარსა პირველი ეპარქიები და ეკლესია. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში მოციქულ მატათასა და სვიმონ კანანელის თანხლებით.

მოციქული მატათა ბათუმის ახლოს, გონიოშია, დაკრძალული, სვიმონ კანანელი კი, -აფხაზეთში, კომანში.

თქვენ ჩამოხვედით ქვეყანაში, სადაც 1700 წლის წინ, ასევე ღვთისმშობლის დავალებით, მოვიდა კაპადოკიელი ქალწული, წმ. ნინო, რომლის ქადაგებით და ღვთის შეწევნით აღსრულებულ სასწაულთა მადლით მოექცა ჩვენი მეფე-დედოფალი, მთელი ერი და ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს IV საუკუნის 30-იან წლებში მოხდა; V საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, XI საუკუნიდან მისი საჭეთმპყრობელი კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს.

თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, სადაც ჩვენს სულიერ დედაქალაქ მცხეთაში დაფლულია ძველი და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდენი,- კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმ. ილია წინასწარმეტყველისა, სადაც დაცულია ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატები, ღვთისმშობლის კვართი და მრავალი სხვა სიწმინდე.

საქართველომ, კავკასიის ამ პატარა ქრისტიანულმა ოაზისმა, დიდი მსხვერპლის ფასად 2000 წლის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა უცვალებელი სწავლება ეკლესიისა. არაერთი მაგალითი გვაქვს, ათასობით ბერის, მონოზვნის, სასულიერო პირისა და ერისკაცთა თავდადებისა. ჯალალედინის დროს მარტო ერთ დღეს 100 000 მართლმადიდებელს მოკვეთეს თავი, რომელთაც არ შეურაცხყვეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები.

თუმცა გვქონდა დიდი ჩავარდნის პერიოდიც – ათეისტური რეჟიმის ხანა, როდესაც თითქმის ყველაფერი განადგურდა: ხელნაწერები, ხატები, ტაძრები, საეკლესიო ნივთები; გადაასახლეს, დაარბიეს და დახვრიტეს თითქმის მთელი სასულიერო დასი, რის შედეგადაც 25 000 მოქმედი ეკლესიიდან XX საუკუნის სამოციანი წლებისთვის 48-ღა დარჩა.

მადლობა ღმერთს, დღეს სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, შიდა თუ გარე, მრავლად გვაქვს. ყველაზე მოუშუშებელი და მტკივნეული კი მაინც ის არის, რომ მართალია, საქართველოს ეკლესიის საზღვრები შენარჩუნებულია, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სახელმწიფო თავის იურისდიქციას დღეს ვერ ანხორციელებს, რადგან ეს ტერიტორია (ქვეყნის 20%) ოკუპირებულია.

ძვირფასო სტუმრებო, თქვენც იმ ქვეყნების წარმომადგენლები ბრძანდებით, რომელთა წარსულიც ქრისტესთვის თავდადების მაგალითია, რომელთა კულტურა, აზროვნება და ცხოვრების წესი ქრისტიანობითაა განმსჭვალული. დღეს, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ ყველანი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი საერთო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებების მოსმენა თანამედროვე ტენდენციებზე, თქვენეული ანალიზი გამოწვევების თაობაზე და ხედვა მომავლისა. გისურვებთ ნაყოფიერ შეხვედრასა და ღვთის შეწევნას” – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და “ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება”. განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: ვგმობ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის რაც პარლამენტში მოხდა
შემდეგი სტატიათუ აქ შემოვა კობახიძე, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება – ნიკა მელია