კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მარიხუანათი შემოსავალი მივიღოთ და მსოფლიოს წინაშე სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ვუღალატოთ ჩვენს ქართველობას, ქართულ გენს, ღირსებას და პატიოსნებას

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მარიხუანათი შემოსავალი მივიღოთ და მსოფლიოს წინაშე სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ვუღალატოთ ჩვენს ქართველობას, ქართულ გენს, ღირსებას და პატიოსნებას, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა აღნიშნა, მის სამეგობროში ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები ონკოლოგიური მიმართულებით ე.წ. მარიხუანას ზეთით განიკურნენ, მაგრამ ამისთვის ლაბორატორიაა შესაქმნელი და საკითხი შესასწავლია.

მისი თქმით, ეკონომიკური შემოსავალი, რომელიც ცოდვაზე გადის, ცოდვით ნაშოვნია.

„ქართველ ერს, საქართველოს, ქართველობას თუ თავსართს ჩამოვაშორებთ, რთველს მივიღებთ. ქართველობა რთველთან არის კავშირში, საქართველო რთველის ქვეყანაა და ეს არის ის, რაც ღმერთმა საქართველოში დაუშვა. ჩვენ ქვეყანაში უამრავი საშუალება არსებობს და თუ მათ შორის, გამოცდილ ქართველ ბიზნესმენებს მოვიწვევთ და მოვუსმენთ, კარგი იქნება. პატრიარქმა ერთ-ერთ ეპისტოლეში ექსპერტებს დაავალა და მათ დათვალეს, რომ დღე-ღამის განმავლობაში 12 მილიარდი დოლარის ღირებულების წყალი იღვრება. დღე-ღამის განმავლობაში ამის ათი პროცენტიც რომ გამოვიყენოთ, ეს ამ არაჯანსაღი დამოკიდებულებიდან მიღებულ შემოსავალს ბევრად გადააჭარბებს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამ განცხადებით მეუფე პეტრემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ აქვს ქართულ ეკლესიას მკაცრი პოზიცია საქართველოში სამედიცინო დანიშნულებით, საექსპორტოდ მარიხუანას მოყვანასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ეს საბერძნეთშიც დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ნამდვილად გამოცდა და განსაცდელია
შემდეგი სტატიათბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს