“კატეგორიულად არასწორია, როდესაც მარგველაშვილი ერთი რომელიმე ჯგუფის პოზიციას იკავებს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ვოლსკი პრეზიდენტს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ საარჩევნო კოდექსი მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს არ გულისხმობს.

“ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური არ არის და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მანდატების წონის გამოთანაბრებისაკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მათგანს ექნება ერთნაირი წონა და საზოგადოება გაცილებით უფრო თანაბარ პირობებში იქნება არჩევნების დროს. რაც შეეხება ცვლილებების განხორციელებას 2020 წლიდან და არა 2016-დან, ამ პერიოდისათვის დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებაში მეტი პოპულარიზაცია ექნება პარტიულ პროგრამებს, პარტიულ იდეას და ნაკლები მნიშვნელობა ექნება ცალკეული პიროვნებების, კანდიდატურების თემას. ნაკლები, მაგრამ არ იქნება დღის წესრიგიდან მოხსნილი. 2020 წლისთვის, ანუ შემდგომი არჩევნებისთვის გაცილებით უფრო დახვეწილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა. ვფიქრობთ, რომ განსახორციელებელია საკონსტიტუციო ცვლილებები არა მარტო საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რაზეც მარგველაშვილი საუბრობს, არამედ, მთელი პაკეტია განსახილველი, რადგან საარჩევნო კოდექსი ერთია, მაგრამ იქვე უნდა ვიცოდეთ როგორ ირჩევა პრეზიდენტი, პრემიერი, რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს რეგიონებს, მათ შორის აფხაზეთს. ასე რომ, მთელი რიგი საკითხებისთვის კარგად ვიქნებით მომზადებული, ნაუცბათევი საკითხების, ნაუცბათევად გადაწყვეტა მართალი არ იქნება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, ერთი პრობლემა იყო ის, რომ ნაკლები ლეგიტიმაცია არ ჰქონოდა მაჟორიტარული წესით არჩეულ ადამიანს.

“ამის საპასუხოდ, 50%-იანი ბარიერის დაწესება შევთავაზეთ. კანონშიც აისახა. პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შენიშვნები, როგორც ცალკეულ ინდივიდს. თუმცა მისი მაღალი სტატუსი მას ავალებს, რომ მოპაექრე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდოს კონსენსუსისაკენ. კატეგორიულად არასწორია, როდესაც ერთი რომელიმე ჯგუფის პოზიციას იკავებს. არასწორია, როდესაც აცხადებს, რომ ეს ერთი პოლიტიკური ჯგუფი მასთან ერთად შეადგენს საერთო სახალხო კონსენსუსს, რაზეც რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. ამაშია საქმე, მარტო მის გემოვნებაში კი არა – მოსწონს თუ არ მოსწონს. არასწორად იქცევიან ის ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიკეთო. პრეზიდენტის მოვალეობა მას მეტ მოქნილობას ავალებს, როგორც თავის თავზე თვითონ ამბობდა, მეტ დიპლომატიას და პოლიტიკური პარტიების აქტივობის საერთო სახალხო თანხმობისაკენ წახალისებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ხელი დღეს მოაწერა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებია. როგორც მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები არ არის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლების განმავლობაში იყო საუბარი. პრეზიდენტის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, საარჩევნო სისტემა პროპორციულ სისტემაზე რატომ უნდა გადავიდეს 2020 წლიდან, მაშინ როდესაც ყველა თანხმდება აღნიშნულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე.

banner
წინა სტატიაშიანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ელისაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ კიოლნში ქალებზე 32 თავდასხმელის ვინაობა დაადგინა