კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ პარტიები არ შედიან პარლამენტში – ძიძიგური

“კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური არ ეთანხმება ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც პოლიტიკური ვითარება ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.

“ქუჩაში დადგომა რატომ არის გზა? მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმას, რომ პარტიები არ შედიან პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ გადავლახეთ ეს ბარიერი, მიგვაჩნია, რომ ჯამში, მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ოპოზიციას ხმა და ეს, ამ ადამიანებისთვის საკუთარ მანდატებზე უარის თქმაა, რატომ არ უნდა შევიდნენ პარტიები პარლამენტში, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.

ოპოზიციის არგუმენტების სისუსტე ჩემთვის იმაშია, რომ მათ თავიანთი პროტესტის დაფიქსირება დაიწყეს ყველაზე უფრო მაღალი მოთხოვნით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, არ შევლენ პარლამენტში. ათასი რამ შეიძლებოდა დაწყებულიყო – დათვალონ ხმები, გაიხსნას უბნები, დაბალანსება მოხდეს ოქმების – ათასი რამ იყო ამ არჩევნებთან პროტესტის გამოსახატი.

სამართლებრივი და პოლიტიკური რესურსები ყოველთვის არსებობს. მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში, საიდანაც გამოსვლა რთულია. “,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – გრიგოლ ვაშაძის ხელმეორე განცხადებაში ცალსახადაა მითითებული, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილ, რაიმე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს
შემდეგი სტატიამელია- ძალიან სამწუხაროა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ადამიანურადაც გული დაგვწყვიტა