საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი, ლამაზი და რომანტიული თამაში აჩვენა და ამით გააოცა მთელი ევროპა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ვეტერანები, მოქმედი ფეხბურთელები , სპეციალისტები და გულემატკივრები. ამაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი გასულ კვირას ნორვეგიაში ყოფნის დროს. ოსლოში მქონდა რამდენიმე შეხვედრა ნორვეგიის ვეტერან და მოქედ სპორტსმენებთან, სპორტის სფეროში მომუშავე ტიტულოვან ადამიანებთან და ყველა ერთხმად აღნიშნავდა საქართველოს ნაკრების ულამაზეს თამაშს ევროპის ჩემპიონატზე.
ოსლოში ყველაზე საინტერესო შეხვედრა მქონდა ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, 58 წლის Karl Petter Løken-თან. იგი 1980-90-იან წლებში წარმატებული ფეხბურთელი იყო, მშობლიურ კლუბ „რუსენბორგის“ შემადენლობაში (1985-1996) შვიდჯერ გახდა ნორვეგიის ჩემპიონი, ოთხჯერ -თასის მფლობელი, ერთხელ ჩემპიონატის ბომბარდირი, 1987-1995 წწ იყო ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. 21-ე საუკუნეში კ.ლოკენი თითქმის 20 წელი იყო პოპულარული ტელეკომენტატორი ნორვეგიაში, 2023 წლიდან არის ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. მასთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება გამიწია UEFA-ს მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ და მისმა ნორვეგიელმა კოლეგამ(Kjell Borgersen),დიდი მადლობა მათ.
ჩემი შეხვედრა კ.პ.ლოკენთან გაიმართა ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, რომელიც მდებარეობს ოსლოს Ullevaal-ის სტადიონზე.
– ბატონო კარლ, როგორ შეაფასებდით ევროპის ჩემპიონატს ?
– უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით მივულოცო საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივად კარგი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. მართალია, ჯგუფური ეტაპის შემდეგ ესპანეთმა გამოთიშა თქვენი ნაკრები ასპარეზობიდან, მაგრამ ამ ესპანეთმა ხომ შემდეგ ჩემპიონატი მოიგო. საერთო ჯამში, საუცხოო ტურნირი გამოვიდა. ამ ჩემპიონატზე პატარა ქვეყნების ნაკრებებმა შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა. და კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ საქართველოს, რომელმაც შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზა ევროპის ჩემპიონატზე.
მართალია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში საქართველო დავამარცხეთ ( 2023 წლის სექტემბერში ოსლოში ნორვეგიამ საქართველოს მოუგო 2:1, გასული წლის მარტში კი ბათუმში ფრედ 1-1 დასრულდა მათი პირველი შეხვედრა – თ.პ.), მაგრამ საქართველომ ერთა ლიგის გავლით მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, რომელიც ერთგვარი შემოვლითი გზა არის ზოგიერთი ეროვნული ნაკრებისთვის დიდ ტურნირებზე მოსახვედრად. სამწუხაროდ, ამჯერად ნორვეგიამ ვერ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, რადგან საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ იმედია, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე (2028) ჩვენც შევძლებთ გასვლას. საბოლოო ჯამში, შესანიშნავი იყო გერმანიაში ჩატარებული ჩემპიონატი, სადაც ბოლოს უძლიერესმა გაიმარჯვა და ეს იყო ესპანეთის ნაკრები”.
-როგორ აფასებთ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების შანსებს გავიდნენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?
– მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა უფრო რთული იქნება, ვიდრე ევრო 2024-ზე მოხვედრა იყო, რადგან მუნდიალზე ევროპიდან მხოლოდ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – ევროპის ჩემპიონატზე კი 24 გუნდი იყო. მაშასადმე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უფრო რთული იქნება საქართველოსთვისაც და ნორვეგიისთვისაც. მიუხედავად ამისა, თუ კენჭისყრაში ცოტა იღბალმაც გაუმართლათ (გაიღიმა-თ.პ.) , ორივე ნაკრებს უთუოდ ექნება შანსი, რომ მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება”.
ბატონმა კარლმა საუბრის ბოლოს აღნიშნა, რომ არის ნამყოფი საქართველოში- 2023 წლის მარტში ბათუმში,სადაც საქართველოს ნაკრებმა ფრედ დაამთავრა მატჩი ნორვეგიის ნაკრებთან. მან დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მათი დელეგაციის თბილი მიღებისთვის.
მინდა აღვნიშნო, რომ ნორვეგიული ენიდან Karl Petter Løken-ის კომენტარის თარგმნაში დახმარება გამიწია ნორვეგიაში მცხოვრებმა დავით გიგილაშვილმა – კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნორვეგიის ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის (NTNU) მკვლევარმა, ქართული ფეხბურთის სტაჟიანმა და აქტიურმა გულშემატკივარმა.
ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნორვეგიის სამეფოში ბ-ნ ზურაბ ბერიძეს, საქართველოს კონსულს ნორვეგიაში ქ-ნ ქეთევან მარკოზიას და ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციულ მენეჯერს , ყოფილ ფეხბურთელს ბ-ნ გიორგი თაბუკაშვილს.
თენგიზ პაჭკორია, თბილისი- ოსლო-თბილისი