კარლ ჰარცელი – ვმუშაობთ, რომ გადაკვეთის პუნქტები გაიხსნას

ვმუშაობთ, რათა გაიხსნას გადაკვეთის პუნქტები, რომლებიც ორი თვეა, დაკეტილია და იქ მყოფ მოსახლეობას ცუდ მდგომარეობაში აყენებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ახალგორში 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის  ოჯახს მიუსამძიმრა.

ელჩის განმარტებით, ევროკავშირი ადგილზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და ფაქტებს სწავლობს.

„ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს  ქალბატონის გარდაცვალების გამო. ევროკავშირი აკვირდება მოვლენებს ადგილზე, ფაქტებს სწავლობენ. საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ტრაგიკული შემთხვევა.  ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ გაიხსნას გადაკვეთის პუნქტები, რომლებიც ორი თვეა დაკეტილია და იქ მყოფ მოსახლეობას ცუდ მდგომარეობაში აყენებს“,- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.  მისივე ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცუდად. ის  ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი – ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა დგას 2020 წლის არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადების უკან
შემდეგი სტატიაკახიძე დეგნანის განცხადებაზე: “ოცნებამ” 2020 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადააბაროს