კარლ ჰარცელი – მნიშვნელოვანია ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პარტიებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

როგორც ელჩი აცხადებს, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად.

„არჩევნები მოახლოვდა და ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას თითქმის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება ახლა ფართო მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს, რაც პოლიტიკური პროცესების ერთიანობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე პოლიტიკური პარტიების არე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ამომრჩეველთა ნების უფრო მკაფიო ასახვას. ვფიქრობ, რომ ეს თავისთავად ფასეულობაა. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება უფრო კონსტრუქციული დებატების წარმართვა პოლიტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით და კონსენსუსის მიღწევის გაუმჯობესებული კულტურა, რადგან ეს ქვეყანა 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადადის. არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) შუალედური ანგარიშის მიხედვით, ოდირის ადრინდელი რეკომენდაციების შესრულების შედეგად, არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. თუმცა, მყარი სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობს. ახლა მთავარია მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება. ადგილობრივმა სადამკვირვებელო ჯგუფებმა არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს. ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება, მინდა მხოლოდ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება, საარჩევნო დღის შემდეგ პერიოდშიც. გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე. მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად. ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა. მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო; ამ მიზნის მიღწევა, ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს, მათ შორის ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის მიერ არჩევნებზე დაკვირვების საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე განცხადებას ავრცეელბს
შემდეგი სტატიაადამიანები გარდაიცვალნენ, რა დროს ნაცი და ქოცია ხალხნო – ჟორჟოლიანი