კარლ ჰარცელი – მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება

მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელი აცხადებს

ამასთან, როგორც ელჩი ამბობს, დღეს სააკაშვილს არ მიეცა სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში ელჩი აღნიშნავს, რომ ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად.

„რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება.

რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, მხედველობაში ვიღებთ, რომ დღეს, ბატონი სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.

მხედველობაში ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება”, – განაცხადა ელჩმა კარლ ჰარცელმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა”
შემდეგი სტატიააზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა