კარლ ჰარცელი – გვჯერა, რომ „მზიურის“ აღდგენა სარგებელს მოუტანს თბილისელებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, მომავალ თაობებს

თბილისის პარკი „მზიური“ ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. მათი ცნობით, ​წყალდიდობისგან დაზიანებული თბილისის პარკის აღდგენა „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მხარდაჭერით მოხდა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განახლებული პარკი „მზიური“ გახსნეს. წყალდიდობით განადგურებული პარკის მასშტაბური განახლების შედეგად მოეწყო ველობილიკები, ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის პარკი და რამოდენიმე საბავშვო მოედანი, რაც მას ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სარეკრეაციო ზონად აქცევს. პარკის რეკონსტრუქცია დაფინანსება „ევროპის საინვესტიციო ბანკის” (Europe Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის კომპონენტის ქვეშ განხორციელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა.

„ხუთი წლის წინ მომხდარი წყალდიდობა ტრაგიკული მოვლენა იყო თბილისისთვის და ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ ამ პარკის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერით მიეცა შესაძლებლობა თბილისის აღდგენაში წვლილი შეეტანა. ვიმედოვნებ და გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს თბილისელებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს, მომავალ თაობებს“, – აღნიშნავს ელჩი ჰარცელი.

„პარკი „მზიური“ პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსება, ისევე როგორც წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე მიმართული სხვა ინვესტიციები, როგორიცაა, მაგალითად, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ საქართველოს სტიქიური უბედურების პერიოდში დახმარებაზე მიმართული სწრაფი რეაგირების შედეგია. წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღდგენის სხვა პროექტები მომავალში ამგვარი მოვლენების რისკის შემცირებაზეც არის მიმართული“, – აღნიშნა მაჩიე ჩურამ.

ევროკავშირის საელჩოს ცნობით, პროექტი სრულად დაფინანსებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (Europe Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის კომპონენტის ფარგლებში და ითვალისწინებს თბილისის პარკი „მზიურის“ დიზაინსა და მშენებლობას. ინვესტიციის სრულმა მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 7.8 მილიონი ლარი. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: სარეკონსტრუქციო სივრცის მთავარ გეგმას/დიზაინს, სპორტული სივრცეების განვითარებას (მაგ. სკეიტბორდის პარკი, ღია ჰაერზე მოწყობილი სატრენაჟორო სივრცე, სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცე, პარკურის მოედანი), დაზიანებული სივრცეების დემონტაჟი და რეკონსტრუქცია, ცოცხალი ხეებითა და მცენარეებით პარკის გამწვანება. აღსანიშნავია, რომ პარკის აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე, 2016 და 2017 წლებში, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ დაფინანსდა ამავე სივრცის დატბორვის რისკის შემცირებაზე მიმართული სტრუქტურული ღონისძიებები, როგორებიცაა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების, ნალექისა ფილტრების მოწყობისა და შემაკავებელი კედლების მშენებლობის სამუშაოები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და „ევროპის საინვესტიციო ბანკს“ შორის დადებულ „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა. 100 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ხელშეკრულების ნახევარი გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.

banner
წინა სტატიაშიმინდა, აღვნიშნო მაშველი ზურა მუზაშვილი, გმირი ადამიანი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა