კარლ ჰარცელი​ : ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 11:35

კარლ ჰარცელი​ : ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში

ევროკავშირი იწყებს საინფორმაციო კამპანიას „ჩემი სოფელი“ საქართველოში თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ევროკავშირი ამ პოტენციალის განვითარებაში საქართველოს 2013 წლიდან ENPARD პროგრამით ეხმარება. ეს დახმარება მოიცავს მთავრობის მხარდაჭერას უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისა და სექტორის მოდერნიზაციისთვის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობას რეგიონებში ეკონომიკური უნარ-ჩვევების ამაღლების კუთხით. თუმცა, სოფლის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაა.

სწორედ ამიტომ, ბოლო რამოდენიმე წელია, ევროკავშირი საქართველოში, პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს ქვემოდან-ზემოთ მიმართულ, ანუ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების პროცესს. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც აერთიანებენ ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად. ჩვენი დახმარებით LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ასეთი ინიციატივა დააფინანსა“,- აღნიშნავენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

​ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშუალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.

„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობის. საქართველოში LAG-ები ადგილობრივი მოსახლეობის ნიჭსა და მეწარმეობის უნარს ფართო შესაძლებლობებს აძლევენ. ადგილობრივი საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ხომ ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება“, – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მიმდინარე კვირას იწყებენ კამპანიას, რათა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ თემზე დაფუძნებული განვითარების ინიციატივების შესახებ.

„შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაგაცნობთ ზოგიერთი LAG-ის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლის წარმატების ისტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გაჩვენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა განვითარების პერსპექტივას ფართოდ განიხილავს და ეკონომიკურ აღმავლობას არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ მეწარმეობის, ტურიზმის, მომსახურებისა და სხვა ადგილობრივი ინიციატივების საშუალებით აღწევს“,- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 1, 2020 11:35