თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინას კურსკის ოლქის ტერიტორიიდან უტევენ, სადაც უკრაინის ჯარები, სავარაუდოდ, ამჟამად სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება European Pravda.
მან დაადასტურა, რომ ამერიკული მხარე უკრაინელ პარტნიორებს დაუკავშირდება სავარაუდო ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად.
„მაგრამ, ზოგადად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმ საქმეში, რასაც ის აკეთებს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აშკარად მნიშვნელოვანია, რადგან ვსაუბრობთ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
თეთრი სახლის სპიკერმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა ამერიკული იარაღი ამ პოტენციურ ოპერაციაში და მხოლოდ ის თქვა, რომ აშშ-ის პოლიტიკა დასავლური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.
„უნდა გვახსოვდეს, რომ, ცხადია, ამ რეგიონში [კურსკის ოლქში] რუსული ჯარები არიან. ისინი იქ არიან და ამ რეგიონიდან უკრაინას უტევენ. ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – დასძინა მან.
ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც რუსული აგრესიისგან თავს იცავს.
ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
7 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქზე შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციაა.
კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინული მხარისგან გაარკვიოს, თუ რა ხდება კურსკის ოლქში.