კარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში უნდა დადიოდეს – სამადაშვილი

ძალიან კარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში უნდა დადიოდეს, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრემიერი მრავალპარტიულ დელეგაციასთან ერთად უნდა ცდილობდეს, კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს.

„დღეს, როდესაც მიიღება ისტორიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, სად არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი? ძალიან კარგია ყველა ვიზიტი ყველა ქვეყანაში, მაგრამ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირში საკუთარი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ლობირებს, მრავალპარტიულ დელეგაციასთან ერთად უნდა დადიოდეს ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში და ცდილობდეს, მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის. ამის ნაცვლად ღარიბაშვილი ვინმე ხიდაშელთან ერთად გაურკვეველი ვიზიტებით არის დაკავებული, ამ ყველაფრის შედეგს ვიხილავთ უახლოეს მომავალში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გზავნილი, რომ „გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით „გადამწყვეტად მიგვაჩნია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება“.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს ევროკავშირში რომელიმე ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამი ქვეყანა – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო კოორდინირებულად მოქმედებდეს და იცავდეს საკუთარ ინტერესებს, რაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეეხება. ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომელსაც დღევანდელი მმართველი გუნდი ჩვენი ქვეყნის განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით ქმნის, ასევე უქმნის გამოწვევას სამივე ქვეყანას. არ უნდა მოვიაზროთ, რომ განცალკევებული კონტექსტია სამივე ქვეყანასთან მიმართებით. პოლიტიკური გადაწყვეტილების ლობირებისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ სწორედ ამ სამ ქვეყანას ერთად შესძლებოდა საკუთარი დღის წესრიგის პოლიტიკურად დაცვა ევროკავშირში. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პოლიტიკამ, უკრაინასთან მიმართებით, ასევე იმ ნაბიჯებმა, რომელიც მათ გადადგეს გასული კვირების განმავლობაში და საფრთხის ქვეშ დააყენეს ჩვენი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამ პროცესს ხელი არ შეუწყო. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გზავნილი ყველა ამ ქვეყნიდან, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით გადამწყვეტად მიგვაჩნია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრემლს არ სჯერა ზელენსკის განცხადების, რომ ამერიკის მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადაცემის შემთხვევაში, მას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს – პესკოვი
შემდეგი სტატიაკერძო მევახშეებისგან და ბანკებისგან დაზარალებული ასობით ბავშვი გამოსახლების და საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას