კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა იჭერდნენ – ბოკერია

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიის წევრებს 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაშინდელი დაპირება სწორედ ის იყო, რომ დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აკრძალულიყო, რადგან ეს ეროვნულ წიაღს ანადგურებდა.

ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ჰესების მშენებლობის აკრძალვას. რაზეც ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ არის.

ამ დიალოგს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის რეპლიკა მოჰყვა, მისი თქმით, ნათია თურნავა წინა ხელისუფლების გუნდის წევრიც იყო და მან ჰესების მშენებლობის შესახებ მისი ძველი შეხედულება ახალ ხელისუფლებაშიც შეიტანა.

„ქალბატონი ნათიას შეხედულება დაემთხვევა ამათ შეხედულებას, იმიტომ რომ ქალბატონი ნათია ამათი გუნდის წევრი იყო. ზუსტად მაგაზეა საუბარი, რომ შემოიჭრა იმათი პოზიცია „ქართული ოცნების“ რიგებში,“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამ რეპლიკას დარბაზიდან გამოხმაურება მოჰყვა. მმართველი გუნდის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა იკითხა, აკრძალული იყო ყუ არა პროფესიონალი სახელმწიფო მოხელის აპოლიტიკურობა.

„აკრძალულია იყო კარგი სახელმწიფო მოხელე და უპარტიო? ხვალ რომ რომელიმე პარტია მოვიდეს ყველა უმუშევარი უნდა დარჩეს?“- იკითხა ოქრიაშვილმა.

ამ რეპლიკების საპასუხოდ მან გიგა ბოკერიასგან ვრცელი განმარტება მიიღო. ბოკერიამ ოქრიაშვილს უთხრა, რომ მინისტრი სახელმწიფო მოხელე არ არის და ის უპარტიო ვერ იქნება.

„ახლა მინდა განგიმარტოთ, მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არის მოხელე, ის არის პოლიტიკური ფიგურა. კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა ატარებდნენ დაკითხვებზე და არ უნდა იჭერდნენ – ეს ეხება “ქართულ ოცნებას.”

“რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურას, თუ პოლიტიკურ ფიგურას არ გააჩნია შეხედულებები და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის ეს არის პრობლემა, მაგრამ მისი არჩევანია. თქვენთვის, ვინც იმ შავბნელ პერიოდს აფასებთ, როგორც ქვეყნის აღსასრულს თქვენთვის უნდა იყოს პრობლემა იმის მიღება, ვინც მაშინ იყო პოლიტიკური ფიგურა. ოღონდ თქვენ მარტო ის ფიგურები გაწუხებთ, ვინც გიქმნით პრობლემებს,“-განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში,,თუ ყველას ვერ ვამდიდრებთ, მაშინ ყველა გავაკოტროთ! ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მოიქცა როგორც ნარკომანი შვილი “
შემდეგი სტატიასააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა