კარგი იქნება, თუ იტყვიან, ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე რა თემებზე იყო, ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ერთი ან მეორე მხრიდან – ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ისურვებდა, ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ კელი დეგნანს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით მეტი ღიაობა იყოს და ცნობილი გახდეს, რა თემებზე იყო შეხვედრაზე საუბარი.

ამასთან, ზარქუას თქმით, ზოგადად, კულუარულ, შიდა ინფორმაციაზე საჯარო განხილვებისგან თავს იკავებს და მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ძალიან ბევრი რამ ითქვა.

„მეც წავიკითხე ეს წერილი. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, რადგან ამ შეხვედრის შესახებ, რომელზეც ბატონი სოზარი, ბატონი ხუნდაძე და ბატონი ყაველაშვილი სვამდნენ კითხვას, ელჩმა უპასუხა, რომ არ იყო ეს შეხვედრა. ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო და თურმე სამ საათსაც კი გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ან ერთი ან მეორე მხრიდან. რა თემებზე იყო საუბარი, ამ თემებსაც თუ იტყვიან, ძალიან კარგი იქნება. როგორც ჩანს, ნამდვილად იყო ეს შეხვედრა.

ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ძალიან ვუფრთხილდებით. ის, რაც არის კულუარული და შიდა ინფორმაცია, არ გამოგვაქვს გარეთ და არც მინდა, რომ ამ სიღრმეში შევიდე ახლა, რაღაც განხილვები მოვაწყო აქ. მგონია, რომ ამ წერილით ძალიან ბევრი ითქვა და დანარჩენი უკვე, ჩვენი ამომრჩეველი იქბება, თუ მცხოვრებელი, თავიანთ დასკვნებს გამოიტანენ. ვისურვებდი, რაღაც კითხვები რომ არ დარჩეს, ორივე მხრიდან უფრო მეტი სიცხადე იყოს შეტანილი. მე პირადად, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი მხრიდან იყოს ეს გაჟღერებული. თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა და როგორ, მაგრამ ფაქტია, ეს შეხვედრა შედგა და ამასთან დაკავშირებით დაველოდებით საელჩოს განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ამავდროულად, ზარქუას განცხადებით, „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ გარკვეული ჯგუფები, გარკვეული ძალები, მათ შორის ლობისტებიც ევროპაში, ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ ამ ომში“.

„ამასთან დაკავშირებით მხოლოდ აღქმებით კი არ ვსაუბრობდით, გარკვეული მოწოდებები იყო, ხომ ვნახეთ არა, მათ შორის უკრაინის მნიშვნელოვანი ფიგურებისგან, ხელისუფლებისგან, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათი მრჩეველებისგან და დაზვერვის სამართველოს უფროსებისგან. პირდაპირი რჩევა, რეკომენდაცია იყო. ისევე როგორც ადგილობრივი, აქ რომ გვყავს პარტიები, რადიკალები, მათგან პირდაპირ ხომ იყო ნათქვამი, რომ აბა თქვენ იცით, ახლა დროა. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც არიან აფილირებული და პარტნიორობაში „ნაცმოძრაობასთან“, რომ ახლა ახალი შესაძლებლობების ფანჯარაა და აბა უნდა გავაკეთოთ. მეტი რა არის ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვამბობდით ამ პერიოდის განმავლობაში, ეს იყო კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტული განცხადებების შესაბამისად, რომელიც მოდიოდა როგორც შიდა მავნებლებისგან ასევე გარე ფასიანი ლობისტებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო ჩაითრიონ ომში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველო ომში არ ჩაება, რადგან ამ ქვეყანას არ ჭირდება ომი. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილური განვითარება, პარტნიორებისგან გვერდში დგომა და ამ ქვეყანას სჭირდება სწორედ ის ევროპული და ამერიკული მხარდაჭერა, რომ ჩვენ განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. ომში ჩართვა არ სჭირდება, ეს ცხადად ითქვა როგორც ჩვენი მხრიდან, მმართველი პარტიისგან, ასევე ითქვა ჩვენი მოსახლეობის განწყობიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს – გამოფხიზლების დროა! – ხაზარაძე
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე დელეგაციასთან ერთად ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა