კარენ დონფრიდი – გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

აშშ ამაყად აგრძელებს ჩვენი როლის შესრულებას, წინა ხაზზე მდგომი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება.

მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს ღონისძიებაზე მიწვევისთვის და უთხრა, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ შეუვალი მხარდაჭერა წარმოაჩინა.

ამასთან, როგორც კარენ დონფრიდმა აღნიშნა, ამერიკა განაგრძობს უკრაინის, საქართველოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია.

„დიდი პატივია, ვესწრებოდე ღონისძიებას. აშშ ამაყად აგრძელებს ჩვენი როლის შესრულებას, წინა ხაზზე მდგომი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, რომლებიც ამავე დროს, აძლიერებენ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ ქალები ჩართული არიან მშვიდობის, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში და ეს თავისთავად აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას. მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი ზურაბიშვილის ნათქვამს ამ მნიშვნელოვან თემატიკაზე და ჩვენს მოწვევას ღონისძიებაზე. თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ყოველგვარი მიზეზთა გარეშე გამოუწვეველი ომი წამოიწყო მტერმა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს ლიდერობასა და სიმამაცეს. უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, რა არის კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებსა და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პუტინის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

ასევე, მან უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ძლიერი უკრაინა და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ამავე დროს, აშშ აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გააძლიერონ საქართველოს თავდაცვის უნარი.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს, უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-მა უკრაინელებისთვის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რათა მათმა ძალისხმევამ გაიმარჯვოს. აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკის თუ კიბერუსაფრთხოების წინაშე.

ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ იგივე ინსტრუმენტები, რომ დაიცვან თავი ამ მტრული ზრახვებისგან. ახლა გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან, რომ მხარი დავუჭიროთ ევროპის უსაფრთხოებას. აქვე მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის.

მინდა, ყველას მოგიწოდოთ, გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია, რომ მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, გენდერული თანასწორობა. როგორც უკვე ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ქალები მუშაობენ ყველა ქართველის დასაცავად, ისინი საუბრობენ სიმართლის წინ წამოსაწევად, თამარ მეფიდან დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა ეს ძალისხმევა და თავისთავად ყველა გასაკეთებელი, რაც ჩვენ წინაშე დგას, უნდა გავაგრძელოთ, რათა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. ვიცით, რომ ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უფრო აძლიერებს ჩვენს კეთლილდღეობას, ისევე, როგორც უსაფრთხოებას. ჩვენი ვალდებულებაა, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალადობის აღმოფხვრისთვის, ისევე, როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ამავე დროს, გავაგრძელებთ იმ ქალების მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული არიან, რომ მათ შეძლონ თავიანთი თავისთვის, მათი ოჯახებისა და თემებისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფა. არც ერთი ეს გამოწვევა მარტივად გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ერთად მუშაობით დარწმუნებული ვარ, ქართველები შეძლებენ უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველოს აშენებას. იგივე ლეიტმოტივით მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად მუშაობით შევძლებთ იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებსაც ვაწყდებით ასეთი ტურბულენტური გარემოს პირობებში“, – კარენ დონფრიდმა.

წინა სტატიაშიმალგორზატა გოშიევსკა – ერთი ოლიგარქის სურვილის და თავგასულობის გამო მსოფლიოს თვალწინ იღუპება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიადავითულიანი – აქცია რომ მაკონსოლიდირებელი ყოფილიყო და ერთიანობა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, ეს ვერ მოხდა, რადგან ორგანიზების დრო არ ჰქონდათ და ცოტა ადამიანი იყო