კარდიოლოგმა სოლომონ ზეიკიძემ და ექიმთა ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქცია გამართეს

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, 19-20 მარტს, სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში საქველმომქმედო აქცია გამართეს – მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდეს და ამასთან, მედიკამენტები გადასცეს.
როგორც ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, ორივე სოფელში, საერთო ჯამში, 80-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული.
„19 და 20 მარტს, ასპინძის უნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში მე და ჩემმა კოლეგებმა 80-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ. საერთოდ, მსოფლიოსა და შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ჩვენი საქველმოქმედო აქციებიც სწორედ ამას ემსახურება. ერთი თვის წინ, კახეთში, კერძოდ, ილტოს ხეობაში ვიყავით, ახლა კი სამცხე-ჯავახეთში ჩამოვედით, ხალხს სამედიცონო გამოკვლევები ჩავუტარეთ და უფასო მედიკამენტებიც გადავეცით, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა. სხვათა შორის, სოფელი კოთელია ჩემი ისტორიული სამშობლოა – ზეიკიძეების წინარები, რომლებიც ზედგენიძეები იყვნენ, სწორედ აქ ცხოვრობდნენ,“ – ამბობს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და დასძენს, რომ მსგავს საქველმოქმედო აქციებს, მეგობრებთან ერთად, სამომავლოდაც გეგმავს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად ბუღალტერთა კლუბფორუმის, საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენის, ბილალ ილდიზის, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით განხორციელდა, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე; ნევროპათოლოგი ეკა ხუჯაძე; ექიმ-ფიზიოთერაპევტი ოდისეი სადოევი და ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი. აქციაში, მოხალისეებად ჩართულნი იყვნენ ბექა გოგიაშვილი, შაკო მაჩიტიძე და თამარ გახელაძე.
ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელის, სოლომონ ზეიკიძის თქმით, სამცხე-ჯავახეთში საქველმოქმედო აქცია ადგილობრივი მკვიდრის, ახალგაზრდა გიდის, გიორგი მაღრაძის დახმარების გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
შეგახსენებთ: ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, გასულ თვეს ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში გამართა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშილაშა გობაძემ რუსი მოჭიდავე დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოva
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა