კარასინის ადგილზე, ასეთ განცხადებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი – აბაშიძე პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით, აბაშიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კარასინის განცხადებაზე მყისიერი პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მან კარასინის განცხადების შესახებ მოგვიანებით გაიგო:

„მე გაოცებული დავრჩი, სანამ პრაღაში წავიდოდი, რამდენიმე დღით ადრე შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარე ყველა ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებდი პრაღაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე საუბრისას, გუშინ ბატონი პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული დელეგაციის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. მას ან მის წარმომადგენლებს რომ მოესმინათ ჩვენი ინფორმაციისთვის, მე მათ ავუხსნიდი, როდესაც ბატონმა კარასინმა პრაღაში თავისი ცნობილი განცხადებები გააკეთა, შეხვედრის დაწყებამდე, მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე, ამგვარად მე არ მქონდა საშუალება რუსი კოლეგისათვის მყისიერად გამეცა პასუხი.

თუ რა ვისაუბრეთ ჩვენ ორმხრივ შეხვედრაზე, თუ რა პასუხი გავეცი მას, ან რა ვთქვი ჩემი მხრიდან, ეს მოხსენებით ბარათში დეტალურად არის ასახული და სიტყვიერადაც შემეძლო მომეხსენებინა. სხვა საქმეა, რომ ბატონი კარასინის ადგილას ალბათ მე ასე არ მოვიქცეოდი და ასეთი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი. ამის თაობაზე მე მასთან საუბარი აუცილებლად მექნება.

მან ისაუბრა საქართველოში ანტირუსული განწყობის ზრდის თაობაზე, მე მას პასუხი გავეცი იმ სტილში, რომ ჩვენ კრიტიკას ვერავინ აგვიკრძალავს, ჩვენ პირს ვერავის ამოვუკერავთ, ვერცერთი ქვეყნის მიმართ კრიტიკას ვერ შევაჩერებთ, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს ეს, ბუნებრივია კრიტიკა უნდა იყოს კორექტული, მაგარმ ჩვენი დიალოგი არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო კომპრომატებზე უნდა წავიდეს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა
შემდეგი სტატიაციხისძირში ხეების გადარგვის პროცესი განახლდა