კარასინი-“საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა”

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი “ოსებთან ბოდიშის მოხდაზე” ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და მის პოზიციას იზიარებს.

ის ქართული ოცნების რიტორიკას იმეორებს, 2008 წლის აგვისტოს ომს “სააკაშვილის ავანტიურას” უწოდებს და ქართულ ოცნებას მმართველობას უწონებს.

“ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელ ტონს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ დიდი ინტერესი მოჰყვა კავკასიაში, მთლიანად მსოფლიოშიც. ამის ბევრი მიზეზია.

სულ უფრო გასაგები ხდება, რომ 2008 წლის სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებასა და სტაბილურობას. ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მარადიული დაპირისპირების ამაოება. წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, სავარაუდოდ, სკანდალური ემოციების აფეთქება გამოიწვია ფოკუს ჯგუფებში, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდ განვითარებას.

პარლამენტის მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში არსებული გამწვავება ხელს უწყობს მსოფლიოში მათ, ვინც ხედავს საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციის სტრატეგიულ ინტერესს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავად ქვეყნის მოქალაქეების გადასაწყვეტია და გადაწყვეტილება იქნება ძალიან საპასუხისმგებლო”, – წერს კარასინი Telegram-ზე.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში British Airways შემოდის და თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ იფრენს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? – ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და ჩააბარებს