“კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს”

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა
სს „გალტ თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდის“ 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო.

 

ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის გადახდა განხორციელდება წელიწადში ორჯერ.
„გალტ თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ „ნიკორა ტრეიდის“ ობლიგაციები უახლოეს მომავალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე იქნას დაშვებული.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.
„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავისი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინონ. დღეს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითი. „ნიკორა ტრეიდმა“ განათავსა კორპორატიული ობლიგაციები „გალტ თაგარტის“ მეშვეობით 2 წლის ვადით. ეს არის 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ – ქვეყანაში გვყავს კიდევ ერთი წარმატებული, გამჭვირვალე ფინანსების მქონე კომპანია, რომელსაც ფართო საზოგადოება ენდო და რომელსაც პირდაპირ ასესხა ეს თანხები. პრინციპულად მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთი – 10%. შესაბამისად, ინდივიდებმა თუ კორპორატიულმა კომპანიებმა, რომლებმაც იყიდეს და შეიძინეს აღნიშნული ობლიგაციები, თავიანთი თანხები 10%-ში დააბანდეს. მინდა ვისურვო ბევრი ასეთი კომპანია გვყავდეს ქვეყანაში. რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის რეფორმას, პრაქტიკულად, შემუშავებულია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს მომავალში, საქართველოს მთავრობაზე წარვადგენთ. ვიმედოვნებ, რომ ამ ვადებში, რაც გვაქვს აღებული, წარმატებით განვახორციელებთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
„ნიკორას“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა.
„წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს, განაპირობებს ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას. განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას, საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე. მიმდინარე მომენტისთვის, ჩვენ ვფლობთ ამ ბაზრის 26%-ს“, – განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
„გალტ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ეს არის პირველი საჯარო განთავსება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით ბაზარზე საცალო სავაჭრო სექტორიდან, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორების მხრიდან.
banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი ბუქარესტის კონფერენციაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს