კანონპროექტი მიზნად არ ისახავს, რომ სკოლებში საპოლიციო რეჟიმი დამყარდეს – ნათია მეზვრიშვილი მანდატურის უფლებების გაზრდაზე

„ეს კანონპროექტი მიზნად არ ისახავს იმას, რომ საპოლიციო რეჟიმი სკოლებში დამყარდეს, რა თქმა უნდა, არა,“ – ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ცვლილებების მიხედვით, მანდატურებს მიეცემათ ცალკეულ შემთხვევებში მყისიერი რეაგირების შესაძლებლობა.

მანდატურებს ასევე, საშუალება ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში სკოლის გარე პერიმეტრზეც იმოქმედონ. ამასთან სკოლების შიდა და გარე პერიმეტრი აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით.

სკოლებში გახშირებული სისხლიანი გარჩევების ფონზე, მანდატურების უფლებამოსილებები გაიზრდება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქართველოს ყველა სკოლაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებით, სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ერთადერთი მიზანი სათვალთვალო კამერების არის ის, რომ სამართალდარღვევების ფაქტები დააფიქსიროს, რაზეც ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ რეაგირება გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად მოვახდინოთ,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ მანდატურისთვის უფლებების გაზრდა მისთვის საპოლიციო უფლებების მინიჭებას არ გულისხმობს.

„ჩვენი მიზანი არ არის, რომ მანდატურს საპოლიციო უფლებამოსილება მივანიჭოთ. ჩვენი მიზანია, რომ მანდატურის უფლებამოსილება ისე გავზარდოთ, რომ როდესაც ორი მოზარდი სკოლაში ჩხუბობს და ცივ იარაღს იყენებს, იქ არსებობდეს ადამიანი, მანდატურის სახით, რომელიც ამ მოსწავლეებს ერთმანეთისგან განაცალკევებს მშობლის ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მოსვლამდე,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური აღნიშნავს, რომ მანდატურის სამსახურის ლეგიტიმაცია იზრდება.

„ეს ნიშნავს, რომ ის უფრო აქტიური გახდება, როგორც პრევენციულ ღონისძიებებში, ასევე, იდენტიფიკაციის თვალსაზრისით. რეფერალი იქნება უფრო დახვეწილი და მკაფიოდ გამოხატული თუ როგორ უნდა მოხდეს გადამისამართება და ასევე, რეაგირების მექანიზმები იქნება მკაფიო, გაწერილი მანდატურებისთვის და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებული,“ – განაცხადა ლია გიგაური.

banner
წინა სტატიაშიინტენსიურად ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს – შს მინისტრის მოადგილე ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე
შემდეგი სტატიაადგილობრივების თქმით, რუსთავში 22 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე მისი თანატოლი გოგო დააკავეს