კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ზღუდავს საკუთრების უფლებას – ომბუდსმენი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ომბუდსმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ზღუდავს პარტიების თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას:

ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა – მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი ბიზნესს წესების დაცვისკენ, მოქალაქეებს კი, სავაჭრო ცენტრებში შოპინგისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია„დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეიქმნება