„კანონი უნდა შეასრულონ, კანონით გარევაჭრობა აკრძალულია“ – ჯვრის მონასტრის წინამძღვარი

ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პატრიარქთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება, მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა გააკეთა. იღუმენი ჯვრის მონასტრის დაკეტვისა და სამ დღიანი პროტესტის შესახებ განმარტებას დღეს პირველად აკეთებს.

მისი თქმით, 14 იანვარს, ტაძრის დაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ მონასტერში მყოფმა სასულიერო პირებმა მიიღეს. სასულიერო პირის განცხადებით, ჯვრის მონასტრის კარიბჭის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოს მოგვიანებით შეატყობინეს.

„არის როდესაც იღებ კურთხევას ადამიანი რაიმეზე, არის როცა შემდეგ უნდა მოახსენო მის უწმინდესობას ის ნაბიჯი რატომ გადადგი და რატომ გააკეთე. ჩვენ უწმინდეს მოვახსენე შემდგომში. გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და საპატრიარქომ მერე გაიგო,“ – ამბობს კონსტანტინე ჯინჭარაული.

ამ დროისთვის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დროებით შეწყვეტილია. მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც როგორც თავად ამბობენ, 4 დღის განმავლობაში უნდა გააცნონ.

კითხვაზე, თუკი ორშაბათს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ განახლდება, დაიკეტება თუ არა ისევ ტაძრის კარიბჭე – მამა კონსტანტინე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ კანონი უნდა აღასრულოს, კანონი კი გარე ვაჭრობას კრძალავს.

„კანონი უნდა შეასრულონ. კანონით არის აკრძალული,“ – აღნიშნა მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ტაძარში შესვლა არ შეეძლოთ როგორც ტურისტებს, ისე ადგილზე მისულ მომლოცველებს.

გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილიც გაავრცელა, სადაც დაკეტვის მიზეზებზე იყო საუბარი. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

ჯვრის მონასტრის კარი დღეს დილით გაიხსნა.

banner
წინა სტატიაში“ეს განცხადებები მათ ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს” – ჩუგოშვილი მეთოფიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატია,,საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ ხდებიან აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელნი”