“ვარ მართალი, ჩემი სინდისით, კანონით და სამართლის პრინციპების დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირი”, – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.
მისი თქმით, მის მიერ ჯამში 6 საქმე იქნა შეჩერებული. მოქმედი მოსამართლე თვლის, რომ ექვსივე საქმე ადამიანის უფლებებს ფუნდამენტურად დარღვევის საფრთხის შემცველია.
“მიმაჩნია, რომ კანონები, რომელიც მე უნდა გამოვიყენო, არის კონსიტუციასთან შეუსაბამო. ეს არის მუხლი – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. საკითხი ეხება იმას, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს საშუალება, გადაიხადოს თანხა, შემდეგ ის განწირულია, უპირობო, გრძელვადიანი ხანგრძლივი 30 დღიანი პატიმრობისთვის. ეს არის დაუშვებელი, რადგან არ შეიძლება, ადამიანი თავისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კანონმდებელმა დაადგინოს [სხველა სხვა ფაქტორების მიუხედავად] პირი აუცილებლად უნდა იყოს პატიმრობაში. ამით შეკვეცა მოსამართლის დისკრეცია, მისი უფლება-მოსილება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდეს საშუალება, რომ საკითხი ობიექტურად, ინდივიდუალურად და დაადგინოს სამართლიანი სახდელი.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელიმე პოლიტიკური აქტორი, ჩემი, როგორც მოსამართლის საქმიანობას შეაფასებს. ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. მინდა ყველას ვუთხრა – მე ვარ მართალი, ჩემი სინდისისთ, კანონით, სამართლის პრინციპების დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირი. ამიტომ გამორიცხულია, ვინმეს მხრიდან ზემოქმედებით – ნეგატიურად შეფასდეს საქმიანობა ან მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამან რამე ზეგავლენა იქონიოს ჩემზე”- განაცხადა ხუჭუამ.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. პირველად ხუჭუამ სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართა.
ხუჭუა ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” 2025 წელს შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.


















