„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ბათუმში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების მასობრივ შესყიდვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქალაქში რუსიფიკაციის პროცესი საგანგაშო ტემპით მიმდინარეობს.
„ბათუმში რუსიფიკაციას განსაკუთრებული ტემპი აქვს შეძენილი – ბათუმის ბულვარში სეირნობისას ფაქტობრივად, ქართულ ენას ვეღარ მოჰკრავთ ყურს, გესმით მხოლოდ ოკუპანტის, რუსულ ენაზე ხალხის საუბარი. ბათუმში რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული აქვთ და ისინი სულ მალე დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
რაც შეეხება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხეს ამ მიმართულებით, ჩვენ ვიცით ივანიშვილის უსაფრთხოების პოლიტიკა და კარგად გვესმის, რომ ამ უძრავი ქონების მფლობელების დიდი ნაწილი შეიძლება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ პირდაპირ დამრღვევი იყოს, მათ შორის შეიძლება პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სხვადასხვა ბარბაროსული აგრესიების მხარდაჭერაში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაში და სხვა ქვეყნებში განხორციელებულა რუსეთის მიერ. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით – იმაზე მალე მოვალთ ხელისუფლებაში, ვიდრე ვინმეს ჰგონია. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად ჩამოართმევს იმ ადამიანებს უძრავ ქონებას, რომლებსაც საქართველოს „ოკუპაციის კანონი“ აქვთ დარღვეული, მათ შორის მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთის ბარბაროსულ აგრესიაში. ამ ქონებას ჩვენ გადავცემთ დევნილ ოჯახებს ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ბოლო წლების განმავლობაში სათანადო ყურადღება, დახმარება არ აღმოუჩენიათ. ჩვენ დევნილებს ვპირდებით არა მხოლოდ ამ უძრავ ქონებას, არამედ აფხაზეთში, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაბრუნებას. მანამდე კი, ამ უსამართლობის და ეროვნული ინტერესების ხელყოფის გამოსწორებასაც“ , – განაცხადა ფავლენიშვილმა.














