კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ჯიბეებში მეტ ფულს, სესხზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს, მაღალ ხელფასს, უკეთეს თავდაცვას – გია ჯაფარიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი გია ჯაფარიძე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს და განმარტავს თუ რა პოზიტივის მოტანა შეუძლია კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ქვეყნისთვის.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, კანდიდატის სტატუსი უკვე არის მეტი ფული მოქალაქეების ჯიბეში, უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, ძლიერი თავდაცვა და კრედიტზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

ექსპერტის თქმით, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს იაფ ფულს.

„შეიძლება ჩვენ ეს ვერც ავხსენით ყველა იმ ადამიანისთვის თუ რა არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის სტატუსი უკვე არის მეტი ფული ჩვენს ჯიბეებში, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უფრო მეტ ფულს საქართველოში, კანდიდატის სტატუსი ნიშნავს სესხზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს. ეს მართლა ნიშნავს იაფ ფულს, ის კი არა, რასაც 11 წლის წინ გვპირდებოდნენ.

ეს ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას, თურქეთში, გერმანიაში… კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასს, ეს ნიშნავს გაზრდილ პენსიას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შვილებს ასარჩევი ის კი არ ექნებათ, რომ ჩააბარონ საქართველოს უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, „გეპეიში“ და ასე შემდეგ, არა, მათ ექნებათ არჩევანი თუ უნდათ წავლენ როტერდამში, თუ უნდათ პარიზში, მიუნხენში და იქ ისწავლიან უფასო ან ძალიან იაფად.

ეს ნიშნავს უფრო განათლებულ თაობას, უფრო მეტ დაცულობას… კანდიდატის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სტაბილური სახელმწიფო. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორს არ გაუჭირდება თავისი კაპიტალი აქ დააბანდოს.
ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს საქართველოს უფრო დიდ ბიუჯეტს, უფრო დიდ ეკონომიკას… ეს ნიშნავს უფრო უკეთეს თავდაცვას და ათას ვიღაცა ნაბიჭვარს, როგორიც პუტინია, როცა მოუნდება ვერ შემოიჭრება ამ ქვეყანაში და ვერ გადმოგვიწევს საზღვარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ვიქნებით, აფხაზებს, ოსებს, სხვებს, რომლებიც ღობის იქით არიან დარჩენილი მოუნდებათ, რომ ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში იცხოვრონ“, – აცხადებს ჯაფარიძე.

ამასთან, მისივე თქმით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს მხოლოდ იმის გამო, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ჯაფარიძის თქმით, პროცესის დაკნინება ჭაობში საქართველოს შეგნებული დატოვებაა.

„აი ამ ყველაფერზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ამბობს უარს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ისინი ჩვენი შვილების მომავალს კლავენ. გამოსავალი არის ის, რომ ამ ახალგაზრდებმა ეს დაინახონ… თან გვეუბნებიან ვინ ეღობება კონკრეტულად ამ ყველაფერში საქართველოს წინ.
გვეუბნებიან მოხსენით წინაღობა და ყველაფერი იქნება. აი ამაზე ვამბობთ უარს. კანდიდატის სტატუსი შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე წევრობა. იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსის პერიოდში ატარებ რეფორმებს, შემოდის უამრავი ფული, რომელიც უკვე შევიდა სხვა ქვეყნებში. გვამზადებენ ამისთვის,თორემ როცა წევრი ხარ, ეს ყველაფერი თავისთავად გაქვს. პროცესი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე წევრობა. წევრობა კიდევ სხვა გამოწვევაა.

ამიტომ, ამის დაკნინება არის შეგნებული ტყუილის თქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამის დაკნინება არის შეგნებული დატოვება ჭაობაში. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ისეთ სამეზობლოში, სადაც იქით გერმანია გეყოლება და აქეთ საფრანგეთი… ჩვენ ისტორიულად ვართ სამი დიდი ქვეყნის ქვაკუთხედში და ჩვენს სამეზობლოში არ არის არცერთი ქვეყანა ისეთი მდიდარი, არ არის არცერთ ქვეყანაში ისეთი კეთილდღეობა როგორიც არის ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში…

ჩვენი მოქალაქეები რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან და სად გარბიან? აი სადაც გარბიან ეგეთი ქვეყანა გვინდა, რომ აქ გვქონდეს. ყოველ შემთხვევაში მე ამისთვის ძალიან დიდი ხანია ვიბრძვი. ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა“, – აცხადებს გია ჯაფარიძე „ფორმულას“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა – ლაიენი
შემდეგი სტატიაის, რომ ჩვენ გვსურს საქართველო ომში ჩაერთოს, ეს აბსურდია, ეს არის ტყუილი – კრამონი