კანდელაკი-იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო – საქართველოს ელჩმა ბერძნული მხარე შოკში ჩააგდო

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რა დროსაც, კანდელაკის ინფორმაციით, ელჩმა თქვა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საბერძნეთის მხარემ წარმოადგინა, შესაძლოა, ყალბი ყოფილიყო.

კანდელაკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბერძნეთის მხარემ საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა და წარმოადგინა ევროკავშირის შიდა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში საბერძნეთის მთავრობა აქტიურობდა.

“დოკუმენტებზე, რომლებიც საბერძნეთის მხარემ საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოსანიჭებლად, საქართველოს ელჩმა, როგორც ჩანს, თბილისიდან ინსტრუქციით თქვა, რომ მე რა ვიცი, იქნებ ყალბი დოკუმენტებიაო. ამან შოკი გამოიწვია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შექმნა ძალიან უხერხული სიტუაცია საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობაში”, – თქვა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე.

კანდელაკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საბერძნეთს, რომელსაც კორონავირუსის კარგი სტატისტიკა აქვს, საზღვრები არ გაუხსნას, არის “სირიყვე და მავნებლობა”.

“იმ ფონზე, რომ საბერძნეთს, მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კორონავირუსის კარგი სტატისტიკა გააჩნია, საბერძნეთი ძალიან აქტიურობდა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საბერძნეთში იმყოფება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება, ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მთავრობის გაჯიუტება და გაჯიქება, რომ კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყანას არ გაუხსნას საზღვარი და მის ავიაკომანიას, ეგეოსის ავიახაზებს და ასევე ვიზეარს, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში დაფრინავდა, არ მისცეს რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება, არის სიბრიყვე და მავნებლობა”, – ამბობს კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში მტკვარში ბავშვი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვების მცდელობაა