კანდელაკი დავით გარეჯში ვითარების დაძაბვაში პრეზიდენტს ადანაშაულებს

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ეხმაურება. განცხადება კანდელაკმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯი და აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებები ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა, რასაც ვითარების გამწვავება და აზერბაიჯანული მხარის მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოჰყვა.

20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

გიორგი კანდელაკის თქმით, სწორედ ეს განცხადება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვითარების დაძაბვისა. კანდელაკმა ზურაბიშვილის განცხადებებს სადღეგრძელო უწოდა და პრეზიდენტს შეახსენა, რომ საგარეო პოლიტიკა სადღეგრძელოებით არ კეთდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დიალოგი უმაღლეს დონეზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა არ ან ვერ აწარმოებს. ამავე დროს რა თქმა უნდა არ შეიძლება არ დავინახოთ ამ ახალ კრიზისში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი. ის კი არ არის პრობლემა, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ დელიმიტაციაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, კი მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემა არის სადღეგრძელოებით საუბარი. საგარეო პოლიტიკა სადღეგრძელოებით რა თქმა უნდა არ კეთდება და ასეთმა დაუფიქრებელმა სადღეგრძელოებმა შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი, რომელიც ფაქტობრივად მოხდა კიდეც,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკმა მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს, სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებებს და არ დაასხან წყალი ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშივინც აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიატრიგერის როლი ამ ისტორიაში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა