კანცელარიასთან საპროტესტო აქცია “ნუ მაბოლებ” გაიმართა

მთავრობის კანცელარიის შენობის წინ „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ გამართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ნუ მაბოლებ!“. აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების იმიტაცია ჩაატარეს და საზოგადოებას მოუწოდეს მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელს შეუშლის თამბაქოსგან გარემოს გათავისუფლებას და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები. პლენარულ სხდომაზე გასატანად კი საჭიროა კანონპროექტებზე მთავრობის დასკვნა.
„ეს კანონპროექტები საქართველოს მთავრობაში 2013 წლიდან განიხილება და ცნობილი და გათვალისწინებულია ყველა ძირითადი მიდგომა და შენიშვნა. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელსაც ყველაზე მეტი და მნიშვნელოვანი კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა, უკვე მიღწეულია შეთანხმება ძირითად საკთხებზე. შესაბამისად, მთავრობის დასკვნის წარმოდგენა 2-3 დღეშიც შეიძლებოდა.“ – განაცხადა “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ.
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ინერტულობით სარგებლობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ყველა ხერხს მიმართავს კანონპროექტის ჩასაგდებად.
„მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ, მთავრობამ არ გაუმართოს საკუთარ მოსახლეობას პროცედურული ომი და კატეგორიულად მოვითხოვთ – მთავრობამ 21 ივნისამდე მოამზადოს და პარლამენტს გადაუგზავნოს კანონპროექტებზე დასკვნა, რათა შენიშვნების დროულად გათვალისწინებით, ამ მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა შეძლოს. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება დაარეგისტრირა. ახლა აღმასრულებელი ხელისუფლების დასკვნის ჯერია!. შევახსენებთ, რომ ყოველ დღე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 30 ადამიანი კვდება. 31 მაისს, ჩვენ წარმოვადგინეთ სიმბოლური ტაბლო, რომელიც თამბაქოს მსხვერპლთა რაოდენობას ითვლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, იზრუნეთ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მაშინ როცა შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება და ნუ იქნებით სიკვდილის მხარდამჭერი.“ – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურ საარჩევნო ყუთში ჩაყარეს ბიულეტინები, რომელსაც ეწერა, “ხმას ვაძლევ მოსახლეობის ჯანმრთელობას”.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა
შემდეგი სტატია„მიშას ვუთხარი, ნაძირალა ხარ!“ – უცნობი ფაქტები ელისო კილაძის ცხოვრებიდან (ნაწილი პირველი)